მუდმივი წვრთნების და ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით სამხედროები ბევრად უკეთეს ფორმაში უნდა იყვნენ, ვიდრე ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობა, თუმცა არის ბევრი შემთხვევა, როცა ეს პრინციპი არ მოქმედებს. მსოფლიოს მაშტაბით, ბევრი ქვეყნის არმიისთვის სამხედროების ჭარბი წონა მთავარი მტერია.
არაერთი სამეცნიერო კვლევის შედეგების მიხედვით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სამხედროები უფრო ხშირად არიან სტრესულ და სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებში, ხშირად გამოუძინებლები არიან. ეს ფაქტორები მათ კვებაზე და შესაბამისად წონაზეც უარყოფითად მოქმედებს. ვნახოთ, რა პრობლემები აქვს სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ძალებს.
ამერიკული არმია სასწორთან ბრძოლაში მარცხდება
2018 წელს საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის, RAND Corporation–ის ინგარიშმა აჩვენა, რომ ამერიკელ ჯარისკაცთა თითქმის ორ მესამედს ზედმეტი წონა და სიმსუქნეც კი აწუხებს. ყოველ შემთხვევაში, სამხედრო სტანდარტებით. აშშ–ს არმიაში ზედმეტი წონის შესაფასებლად სხეულის მასის ინდექსი გამოიყენება – ადამიანის სიმაღლის და მისი წონის თანაფარდობა. ამასთან, არმიაში სამსახურის მსურველთა რიცხვი ქვეყანაში მცირდება.
2017 წელს 16 დან 24 წლამდე ახალგაზრდებს შორის (ეს არის ახალწვეულთა ძირითადი ასაკი) მხოლოდ 11 % –ს აღმოაჩნდა არმიაში წასვლის სურვილი. თუმცა აქედან ყოველმა მესამემ უარი მიიღო მეტისმეტად მაღალი სხეულის მასის ინდექსის გამო.
გადამდგარი გენერალ– მაიორის, ჯეფრი ფილიპსის განცხადებით აშშ–ს არმია ყოველწლიურად 1.5 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავს იმ ჯარისკაცების მკურნალობაზე, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს ან მათი ჩანაცვლების მსურველთა მოძებნაზე.
ჩინეთი: მავნე საკვები და მასტურბაცია
მეტისმეტად ბევრი მავნე საკვები და მასტურბაცია. ასეთი ვერდიქტი გამოუტანა ჩინურ არმიას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო–განმათავისუფლებელი არმიის ოფიციალურმა გაზეთმა.
ცუდი კვება, ცხოვრების უძრავი წესი და თვითდაკმაყოფილებია – სწორედ ამ მიზეზების გამო ვერ ახერხებენ ახალწვეულები ფიზიკური მომზადების შემოწმების გავლას, რაც არმიაში სამსახურისთვის აუცილებელია.“ეს დაკავშირებულია კომპიუტერთან ხანგრძლივ ჯდომასთან, ხშირ მასტურბაციასთან და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობასთან„– ნათქვამია გამოქვეყნებულ მასალაში.
მიუხედავად წვევამდელების მიმართ არცთუ მკაცრი მოთხოვნებისა, 2017 წელს ახალწვეულთა 20% სამხედრო სამსახურისთვის დაიწუნეს ზედმეტი წონის გამო. ზოგიერთმა სამხედრომ კი ხუთკილომეტრიანი გარბენის დასრულებაც კი ვერ შეძლო.
ირანი: ზედმეტი წონა
ვებგვერდის – Globalfirepower.org მონაცემებით, რომელიც თავდაცვის თემატიკაზეა სპეციალიზებული ირანის არმია ნახევარ მილიონ სამხედროს ითვლის. თუმცა ჟურნალ BMC Public Health – ის კვლევის თანახმად სამხედროების 13% სიმსუქნით არის დაავადებული, 41% კი ზედმეტ წონას უჩივის.
დიდი ბრიტანეთი: მავნე სასუსნავი
გასული წლის ნოემბერში ბრიტანულმა მედიამ არაერთი კალამბური გამოაქვეყნა ბრიტანელი სამხედროების ზედმეტი წონის შესახებ. ამის მიზეზი გახდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ინგლისის ჩრდილოეთით, უმსხვილეს სამხედრო ბაზაზე კატერიქსის გარნიზონში დისლოცირებული ნაწილები საგანგებო დაკვირვების ქვეშ აღმოჩნდნენ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამხედროებს ადგილობრივ კაფეში შუალედებში საჭმელად გასვლა აუკრძაეს. ეს კაფე თავისი უგემრიელესი ცომეულის ნაწარმით არის ცნობილი.
მედიაში მოხვდა ინფორმაცია, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა შეწუხებულია ბრიტანეთის დამცველების გარეგნობით, რომლებიც უზომო რაოდენობის მავნე ტკბილეულობას მიირთმევენ.
ზუსტად იმავე პერიოდში თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ციფრები, რომლის მიხედვით სამხედროთა დაახლოებით 10% სიმსუქნით არის დაავადებული.ამასთან, ბრიტანულ არმიას მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯები ემუქრება. ლორდმა მაკკოლმა, რომელიც პროფესიით ქირურგია და ამავე დროს ლორდთა პალატის წევრია, განაცხადა, რომ ზედმეტწონიანი სამხედროების გამო მალე თვითმფრინავებში კატაპულტირების სავარძლების და წყალქვეშა ნავებში საავარიო ლუქების გადაკეთება მოუწევთ.
ინდოეთი: ჯარიმები გასუქებისთვის
2016 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით ინდოელ სამხედროთა მესამედს ზედმეტი წონა აწუხებს.გასული წლის აპრლიში ადგილობრივ არმიაში მკაცრი წესები დაამყარეს სიმსუქნის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგალითად, ზედმეტწონიანი სამხედრო კარიერულ საფეხურებზე ვეღარ დაწინაურდება და ვერც დიპლომატიურ მისიაში მოხვდება სამუშაოდ.
მომავალში იგეგმება შერჩევითი და არაგეგმიური შემოწმებები, ასევე მათი დაჯარიმება, ვინც ნორმაზე 10%–ით მეტს იწონის.
“არ გვინდა ჩვენი მამაკაცები სიმსუქნით გამოწვეული დაავადებებისგან იტანჯებოდნენ, უფრო მეტიც, ასეთი სამხედროების არსებობა უარყოფითად აისახება საველე პირობებში არმიის ეფექტურობაზე “– ამბობს ინდოელი ოფიცერი India Today–სთან ინტერვიუში.
ესპანეთი: გაღეღილი პერანგები და ზედმეტი წონა
La Legion ესპანეთის ცნობილი ელიტური ფეხოსანთა პოლკია, რომელიც გასულ წელს ახალი ამბების სათაურში მოხვდა არა მხოლოდ მკერდზე შეხსნილი პერანგების გამო, რომელსაც მისი წევრები ატარებენ.
სხეულის მასის ინდექსის სავალდებულო შემოწმებისას გარკვა, რომ სამხედროთა 6%–ს სიმსუქნე აღენიშნება. მათ სპეციალურ დიეტაზე მოუწიათ გადასვლა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა:
ბოლო სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ამ ქვეყნის სამხედროთა 10%–ს ზედმეტი წონა აქვს. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას საფრთხეს უქმნის.
“რეგულარულ არმიაში, რომელიც 76 ათას კაცს და ქალს აერთიანებს, სამედიცინო თვალსაზრისით მხოლოდ 10% არის გამოსადეგი სამხედრო სამსახურისთვის. ეს ნიშნავს, რომ როტაციის და პერსონალის სწავლების აუცილებლობის გათვალისწინებით, მუდმივ მზადყოფნაში მხოლოდ 2000 ადამიანია“ – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის უწყების ხემლძღვანელმა, გრეგ მილსმა.
მექსიკა: ადრეული დათხოვნა
პირადი შემადგენლობის ზედმეტ წონასთან ბრძოლის ფარგლებში მექსიკის ხელისუფლებამ 2015 წელს სამხედრო სამსახურიდან 1300 ზე მეტი მოსამსახურე გაუშვა და კიდევ 12 ათასს მოსთხოვა სასწრაფოდ დაეკლოთ წონა და ფორმაში ჩამდგარიყვნენ.იმავე წელს გამოქვეყნებული ანგარიშით მექსიკა 35 ქვეყანას შორის მეორეა სიმსუქნის მაჩვენებლით, რაც მისი მოსახლეობის 32.4 %–ს შეადგენს . მას მხოლოდ აშშ უსწრებს, რომლის მოსახლეობის 38.2%–ს ზედმეტი წონა აწუხებს.
ოფიციალური სტატისტიკა, რამდენი რუსი სამხედროს წონა აღემატება ნორმას, არ ხმაურდება. თუმცა 2017 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეოთხე ხარისხის სიმსუქნის მქონე სამხედროებს სამხედრო სამსახურის დატოვება შესთავაზეს, მესამე ხარისხის სიმსუქნის მქონე სამხედროები კი უფრო დაბალი რანგის სამსახურში გადაიყვანეს.