“საქართველოს მთავარ და ყოველდღიურ უსაფრთხოების გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე კონტროლის არქონა”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
„ოკუპაცია ნიშნავს დაუსრულებელ ინციდენტებს, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს უფრო სახიფათო სიტუაციაში, საქართველო მუდმივად ცდილობს მათ თავიდან აცილებას, ვინაიდან ცალმხრივად აქვს უარი ძალის გამოყენებაზე. მაგრამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის არსებულ ჰუმანიტარულ გაჭირვებას შეუძლია ნებისმიერ დროს საფრთხე შეუქმნას მშვიდობას და მშვიდობიან განვითარებას. მხოლოდ წინა კვირას ორი ჰუმანიტარული ტრაგედია განვითარდა: მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა, ვინაიდან გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს და ვერ მიიღო სამედიცინო დახმარება. თამარ გიგაური კი იბრძვის თავისი სიცოცხლისთვის, რადგან ძალით გადაიყვანეს ცხინვალის საავადმყოფოში, სადაც ის ვერ იღებს იმ სამედიცინო დახმარებას, რაც მხოლოდ ჩვენთან არის ხელმისაწვდომი.
მე მინდა ეს ფორუმი გამოვიყენო და თქვენი მეშვეობით მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რომ სასწრაფოდ ჩაერთონ ამ ჰუმანიტარულ ტრაგედიაში და მოძებნონ ეფექტური გადაწყვეტის გზები“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.