მთელ მსოფლიოში გადავადგილდები და შემდგომი ბრძოლებისთვის ვემზადები – სააკაშვილი

“მთელ მსოფლიოში გადავადგილდები და შემდგომი ბრძოლებისთვის ვემზადები“ – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტ დიმიტრი გორდონის შეკითხვას– როგორ არის და რას საქმიანობს.
“ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური ვარ, რომელსაც არა ერთი, არამედ ორი ქვეყნის მოქალაქეობა წაართვეს. ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ მსოფლიოში, რომელიც ერთდროულად ორ, ნომინალურად სხვადასხვა ქვეყანაში ეწევა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. ექსტრაორდინარული შემთხვევაა და ისტორიის სახელმძღვანელოებში უნდა შეიტანონ. მაგრამ ჩემი აზრით ეს კურიოზული სიტუაცია დროებითია. “- განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა დიმიტრი გორდონის ორსაათიან გადაცემაში.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რა შემოსავლებით არსებობს სააკაშვილი. სააკაშვილი ამბობს, რომ ძირითადი შემოსავალი ლექციებიდან აქვს:

“კონტრაქტი მაქვს ნიდერლანდების სპიკერების აკადემიასთან, რომელიც ჩემთვის ლექციების ორგანიზებას აკეთებს. რამდენიმე ლექცია ჩავატარე ნიდერლანდებში, გერმანიაში, ახლა პოლონეთში ვაპირებ ლექციათა სერიას. რა თქმა უნდა ეს ბევრი არ არის, მაგრამ იმაზე მეტია, ვიდრე ოდესის გუბერნატორობაში ვიღებდი. როცა პოლიტიკურ საქმეებზე გადავადგილდები, ნაზღაურდება იმის ფარგლებში, რა საქმესაც ვაკეთებ.როცა ქართველ ემიგრანტებს ვხვდები, იქ ჩვენი ფონდი გვაქს. როცა უკრაინული საქმეებით ვარ დაკავებული, არის ხალხი, ვინც ამას აფინანსებს. რა თქმა უნდა ეს არ არიან უკრაინელი ოლიგარქები. მოკლედ ასე, რაღაცას ვახერხებ.“ – ამბობს სააკაშვილი