მთელ რიგ შემთხვევებში პოლიციელების ქმედება არ იყო ეფექტური კონტრდემონსტრანტების მიმართ-ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის. ამ ეტაპზე ეს კონსენსუსი, ალბათ, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე როგორ გადავიდეთ ან სულ მცირე, ვიფიქროთ ისეთ ალტერნატიულ საარჩევნო ვარიაციებსა და მოდელებზე, რომელიც საარჩევნო პროცესს უფრო სამართლიანს გახდის და თანაბარ პირობებში ჩააყენებს, როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს.
„ჩვენ ვხედავთ ზოგადად არა მხოლოდ ამ აქციებზე, არამედ სხვა აქციებზეც წლების განმავლობაში, მთელ რიგ შემთხვევებში პოლიციელების ქმედება არ იყო ეფექტური კონტრდემონსტრანტების მიმართ, რომლებიც იყვნენ აგრესიულები და ემუქრებოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მართავდნენ აქციებს. როგორც ხედავთ, ასეთ შემთხვევებს ახლაც აქვს ადგილი. სახალხო დამცველი ყველა დაშავებულთან საუბრობს. ჩვენ ვსწავლობთ ამ საქმის გარემოებებს. თუ დავინახავთ, ჩვენი შესწავლისა და შეფასების შედეგად, რომ აქ იყო უმოქმედობა პოლიციელთა მხრიდან ან არასათანადო რეაგირება, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ შესაბამისი რეაგირების ზომებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.