„მწვანე სკოლამ“ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემები დაარღვია – სახელმწიფო ინსპექტორი

„დავადგინეთ, რომ „მწვანე სკოლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას“, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მშობელი დაკითხულია ხელმეორედ. ამ ეტაპზე მეტ ახალ ინფორმაციას მე ვერ მოგაწოდებთ. ძალიან მალე ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება ამოიწურება. გამოძიების დასრულებისთანავე უფრო მეტ დეტალს გეტყვით.

რაც შეეხება „მწვანე სკოლის“ მხრიდან პერსონალური მონაცემების დარღვევას, შევისწავლეთ ეს საკითხი და დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას“,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძემ დეკემბერში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პოლიცია მას „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. საქმეზე დაკავებულია გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.