“მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს“– სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ამ მოთხოვნით მას პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მიმართა. საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე გამოცხადდა. პრეზიდენტმა მოსახლეობას ტელეეთერით მიმართა:

,,ჩემო თანამემამულეებო,

დღეს საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.

მდგომარეობა მძიმეა და მის კიდევ უფრო დამძიმებას უნდა ველოდოთ. ჯერ არ ჩანს დაავადების განკურნების საშუალებები. ჩვენს ხელში მხოლოდ პრევენციაა.

გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად დროულად, ეფექტიანად და უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა. მათ მიერ გაცემული პროფესიონალური რჩევების საფუძველზე და, ასევე, დროული და ეფექტიანი რეაგირებით სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს და ჩვენს მოსახლეობაში პირველ ეტაპზე შეაკავეს ვირუსის შემოჭრის ტემპი და მასშტაბი.

მათი ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ დღეისათვის საქართველოში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ჯერ კიდევ ათეულების ფარგლებშია.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ეპიდემიის პირველი ტალღის შეკავება მოვახერხეთ. ამით შეიძლება ვიამაყოთ, რამეთუ ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ჯანდაცვის სისტემის ერთობლივი მიღწევა.

ეს პირველი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ.
ეპიდემიის თვისებიდან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს.

ამ ახალ ბრძოლას სჭირდება ახალი იარაღი.

ამიტომ, ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზაობის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება – ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება – პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის: გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები; საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა.

ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.

საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 21 აპრილამდე.

ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

შეზღუდვების დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნა ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ იქნა შეზღუდული არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და საზოგადოების ინფორმირება.

ასევე, დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის არც სრული კარანტინი, არც კომენდანტის საათის გამოცხადება.

ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე მოქალაქეების პასუხისმგებლობა და თვითშეგნება აუცილებელია საგანგებო რეჟიმის წარმატებისთვის და განაპირობებს იმას, რომ შემდეგ ეტაპზე არ დაგვჭირდეს ამ რეჟიმის გამკაცრება.

ყველა მოქალაქეს ვთხოვ, მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენას, მაქსიმალურ სიფრთხილეს და სოციალური დისტანცირების ნორმების შენარჩუნებას.

მჯერა, რომ გავიმარჯვებთ ერთიანობით და თვითშეგნებით”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა