“N15 დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის შემთხვევა არ ფიქსირდება” – სპეციალური პენიტენციური სამსახური “მთავარის” გავრცელებულ ინფორმაციას, ეხმიანება და აცხადებს, რომ ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.
“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მუნისა და ტუბერკულოზის შემთხვევების დაფიქსირებასთან დაკავშირებით.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით ხაზგასმით განვმარტავთ, რომ დღეის მდგომარეობით, ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.
საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით, ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას თავი შეიკავონ ყველა სახის დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების შეცდომაში შეყვანას იწვევს.” – წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, მთავარმა არხმაგაავრცელა ინფორმაცია, რომ N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მუნისა და ტუბერკულოზის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.














