აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს, რომლის მიხედვით, N18 დაწესებულების საავადმყოფოში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი.
გურულის შეფასებით, კლინიკა, რომელშიც არ მუშაობს ექიმი-რეანიმატოლოგი და შესაბამისად, არ გააჩნია რეანიმაციის განყოფილება, ვერ ჩაითვლება სამედიცინო დაწესებულებად, სადაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იქნება შესაძლებელი.
“შესაბამისად, განცხადება იმის თაობაზე, რომ მე-18 დაწესებულების კლინიკა მზად არის მოშიმშილე პრეზიდენტის მისაღებად, არის არაკომპეტენტური, არაპროფესიონალური და უპასუხისმგებლო.
იმედია, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ეყოფა პროფესიული პატიოსნება და პრინციპულობა, აუხსნას იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ #18 დაწესებულების კლინიკა ვერ მიიღებს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს და ვერ აღმოუჩენს შესაბამის დახმარებას რეანიმაციული ღონისძიებების მყისიერი საჭიროებისას”,– წერს გურული.
ომბუდსმენის ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება კონსოლიუმის რეკომენდაციების, შესაბამისად, სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ ალტერნატიულ დაწესებულებაში. სახალხო დამცველის ცნობით, ამ დაწესებულებაში ასევე არსებობს სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებიც.