“ნაციის სირცხვილი,რომელიც ლონდონს ანადგურებს!“– ტრამპი ლონდონის მერს თავს კიდევ ერთხელ დაესხა

აშშ–ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ლონონის მერი, სადიკ ხანი და მას ნაციის სირცხვილი უწოდა. ტრამპის ამ კომენტარის მიზეზი ერთი დღე–ღამის განმავლობაში ლონდონის ქუჩებში მომხდარი სამი მკვლელობა და კიდევ სამი დაჭრის შემთხვევა გახდა.
ტრამპმა ტვიტერზე პუბლიცისტ კეიტ ჰოპკინსის სტატუსი გააზიარა მომხდარი დანაშაულის შესახებ, თავის მხრივ კი ამ სტატუსს მიაწერა: “ლონდონს სასწრაფოდ ჭირდება ახალი მერი. ხანი კატასტროფაა და ყველაფერი მხლოდ უარესობისკენ მიდის!“
რამდენიმე საათის შემდეგ კი ტრამპმა ტვიტერზე ლონდონის მერს კიდევ ერთი ტვიტი მიუძღვნა: “ის ნაციის სირცხვილია, რომელიც ლონდონს ანადგურებს“.
ხანის წარმომადგენელმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მერი თანაგრძნობას უცხადებს მსხვერპლთა ოჯახებს და არ დაკარგავს დროს მსგავსი ტვიტების საპასუხოდ.
პრეს მდივანმა დასძინა, რომ ხანი ლონდონური დიასპორების მხარდაჭერის მოპოვებით და საგანგებო სამსახურების გადატვირთული მუშაობის კოორდინირებით არის დაკავებული.

“ძალადობრივი დანაშაულების ადგილი ჩვენს ქალაქში არ არის და ჩემთვის არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ლონდონელების უსაფრთხოება“ – დაწერა ხანმა ცოტა ხნის შემდეგ.

შაბათ–კვირას მომხდარი მკვლელობების ჩათვლით ლონდონში წლის დასაწყისიდან 56 მკვლელობა მოხდა. ოფიციალური მონაცემებით ამავე პერიოდში შარშან ლონდონში 82 ადამიანი მოკლეს, რაც ათწლეულის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
დონალდ ტრამპი ლონდონის მერს დიდი ხანია არ წყალობს. ცოტა ხნის წინ მან ხანს “საცოდავი ლუზერი“ უწოდა, 2017 წელს კი გააკრიტიკა ხანის განცხადება ლონდნის ქუჩებში პოლიციელების რაოდენობის გაზრდის შესახებ.