NASA-ს აპარატის შეჯახების შემდეგ ასტეროიდ Dimorphos–ს “კუდი“ გაუჩნდა და კომეტას დაემსგავსა

ჩილეს უდაბონო ატაკამაში დამონტაჟებულმა ტელესკოპმა გადაიღო  ნამსხვრევებისგან ფორმირებული 10 ათას კილომეტრიანი “კუდი,“ რომელიც ასტეროიდ დიმორფს გაუჩნდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ასტეროიდს ნასას მიერ გაშვებული ზონდი–კამიკაძე DART მთელი სიჩქარით შეეჯახა.

მისიის მიზანი იყო შემოწმება, შეიძლება თუ არა მომავალში დედამიწელებს ამ მეთოდის იმედი ქონდეთ პოტენციურად საშიში ასტეროიდებისგან პლანეტის დასაცავად, რომლებიც დედამიწას შეჯახებით დაემუქრებიან და შესაძლებელია თუ არა შეჯახების შედეგად ასტეროიდის ტრაექტორიის შეცვლა.

თავად დარტყმა გეგმასთან სრულ შესაბამისობაში განხორციელდა. 325 მილიონი დოლარი პირდაპირი გაგებით მტვრად იქცა, როცა ნახევარ ტონიანი აპარატი 24 000 კმ/სთ სიჩქარით მასზე ზომით და მასით ბევრად დიდ ასტეროიდს შეეჯახა.

მისიის წარმატებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, მართლაც შეიცვალა თუ არა ასტეროიდის მოძრაობის ტრაექტორია ისე, როგორც ნასაში ვარაუდობდნენ.

ამის მიუხედავად, ნასას პლანეტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ლორი გლეიზი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მისიამ გაამართლა.

“ჩვენ კაცობრიობისთვის ახალ ერაში შევდივართ. ერაში, სადაც თეორიულად გვაქვს შესაძლებლობა პლანეტა დავიცვათ ისეთი საფრთხისგან, როგორიც არის პლანეტის ასტეროიდთან შეჯახება. ეს გასაოცარია– ადრე ამის საშუალება არ გვქონია“– ამბობს ის.