NATO არ გეგმავს უკრაინაში ჯარის შეყვანას, თუ რუსეთი შეიჭრება – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ნატო არ გეგმავს უკრაინაში ჯარის შეყვანას.

“ჩვენ არ ვგეგმავთ NATO-ს ჯარების შეყვანას უკრაინაში. NATO-ს ჰყავს ტრენერები იქ, მათ ვეხმარებით შესაძლებლობების გაძლიერებაში, თავდაცვის მოდერნიზებაში, მათ შორის, კიბერთავდაცვაშიც. NATO-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ აღჭურვილობას, თავდაცვით იარაღს. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიაწოდა.

ასე რომ, ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად, რათა თავისი უნარები გააძლიეროს და თავი დაიცვას, მაგრამ უკრაინა არ არის NATO-ს წევრი, ამიტომ 100%-იანი უსაფრთხოების გარანტია, რომ ერთ წევრზე თავდასხმას უპასუხებს მთელი ალიანსი, ეხება NATO-ს წევრებს და არა ღირებულ პარტნიორებს”. – თქვა სტოლტენბერგმა BBC-თან ინტერვიუში.

მისივე განცხადებით, უკრაინას ასევე ეხმარებიან რუსეთისთვის მესიჯის გაგზავნით, რომ მას დაუწესებენ საქნციებს, თუ უკრაინაში შეიჭრება.