NATO-ს ცის ჩაკეტვას აღარ ვთხოვთ, ამას უკვე ჩვენითაც ვიზამთ – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი Meduza.io-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ NATO-ს ცის ჩაკეტვას უკრაინა აღარ სთხოვს, რადგან ეს ახლა უკვე თავადაც შეუძლიათ.

“ეს საკითხი უკვე დახურულია. ის, რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც უკვე გვაწვდიან, ცას უკვე ჩვენითაც ჩავკეტავთ”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა  რუსული საჰაერო თავდასხმების პარალელურად, NATO-ს  უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას სთხოვდა.ნატო და აშშ აცხადებდნენ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ამ ნაბიჯს შეიძლება ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი მოჰყვეს. 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ ნატოს სხვა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას უფრო მეტი, უფრო მრავალფეროვანი შეიარაღების უფრო სწრაფად გადაცემის პირობა მისცეს. დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული შეიარაღებით, უკრაინა ახლა თავად შეძლებს ცის ჩაკეტვას და უკრაინული არმია გამანადგურებელი იერიშების უდიდეს ნაწილს მოიგერიებს.