NATO-მ საქართველოს მთავრობასთან ერთობლივი პროექტი გააჩერა

NATO-მ საქართველოს მთავრობასთან ერთობლივი პროექტი გააჩერა. გამოცემა New Lines Magazine–ის ინფორმაციით,  მიზეზი გახდა ის, რომ  NATO-ს პროექტი, რომელიც 10 წლის წინ საქართველოში რუსულ ჰიბრიდულ ომთან საბრძოლველად შეიქმნა, რეალურად საქართველოს მთავრობამ პოლიტიკურ ოპონენტებზე რუსული სტილის თავდასხმების განსახორციელებლად გამოიყენა.

გამოცემა იხსენებს, რომ  10 თვის წინ, Meta-მ წაშალა ათობით ყალბი ანგარიში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ოპონენტებზე რუსული სტილის თავდასხმებისა და უკრაინაში პუტინის ომზე ანტიდასავლური დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა – StratCom–მა, რომელიც   ამ პროექტის ფარგლებში 2015 წელს შეიქმნა, წლების განმავლობაში მიიღო მნიშვნელოვანი დახმარება შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთისგან დაფინანსებული ტრენინგებისა და ტექნიკური რესურსების სახით, როგორც მოსკოვის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფართო ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ათობით მილიონი დოლარი დაჯდა. New Lines აშშ-ის საელჩოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2017-დან 2021 წლამდე 250-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგი, მათ შორის 57 პრემიერის ოფისიდან და სხვადასხვა სამინისტროებიდან იყო.

  • “საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით 2015 წელს შეიქმნა, როგორც NATO-ს ინიციატივა, რომლის მიზანია შავი ზღვის ქვეყნების  გაძლიერება რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ. ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სამმართველოს თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგი და ტექნიკური დახმარება ალიანსის ექსპერტებისგან. ასევე, დაესწრნენ და უმასპინძლეს კონფერენციებს და ანალიტიკურ დისკუსიებს დეზინფორმაციისა და პუტინისტური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე. თუმცა, დროთა განმავლობაში, როდესაც მთავრობამ დაიწყო თავისი დღევანდელ ანტიდასავლურ ტრაექტორიაზე სვლა, სტრატკომი გახდა სწორედ ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი, რომლისგანაც დასაცავად იყო შექმნილი.  ქართული მონიტორების მრავალი მოხსენება აჩვენებს, თუ როგორ იყენებდა ის ტროლების ანგარიშებს პოლიტიკურ ოპონენტებზე რუსული სტილის სასტიკი თავდასხმების განსახორციელებლად. ასევე, ავრცელებდა ყალბ ახალ ამბებს და პროპაგანდისტულ ნარატივებს სწორედ იმ პარტნიორების შესახებ, რომლებიც მათ უჭერდნენ მხარს,” 

პროექტის შეჩერების შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. გამოცემა ნიუ ლაინის ინფორმაციით, ბრიტანეთის მთავრობა ახლა განიხილავს, როგორი იქნება მათი პოზიცია საქართველოსთან სამომავლო სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ.

გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც “ოცნებამ” რუსული კანონი მიიღო, რასაც ფართო კრიტიკა მოჰყვა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

სტატიაში ნათქვამია, რომ 2019 წელს, რუსული დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად, საქართველოს მთავრობა თითქოს საპირისპიროს აკეთებდა:

  • “ქართული სამოქალაქო საზოგადოების აქტორებმა, მედიის განვითარების ფონდმა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ დაუკავშირდეს უშუალოდ მთავრობას ის ყალბი ანგარიშები FACEBOOK-ზე რომლებიც გამოხატავდნენ მთავრობის მხარდამჭერ სიმპატიებს. გამოჩნდა, რომ ქვეყნის ლიდერები, სავარაუდოდ, ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ, მათი პოლიტიკის მხარდაჭერის საჩვენებლად. წლის ბოლომ “მეტამ” გააუქმა რა “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ტროლების ქსელი, რომლებიც ახალი ამბების ორგანიზაციებად და პოლიტიკურ პარტიებად ასაღებდნენ თავს”.

ბრიტანული მედია ასევე წერს, რომ გასული წლის მაისში “მეტამ” დახურა StratComs-თან ასოცრებული  და მის მიერ “კოორდინირებული 80 ექაუნთი, 26 გვერდი და ცხრა ჯგუფი Facebook-ზე და კიდევ ორი ​​ინსტაგრამის ანგარიში არაავთენტური ქცევისთვის”. საუბარია ე. წ. ტროლების ქარხანაზე და ყალბ გვერდებზე, რომლებსაც ოცნება ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა და ხშირად პრორუსულ პროპაგანდას ავრცელებდა.

გამოცემა  ნიუ ლაინსი წერს, რომ დროთა განმავლობაში, როცა მთავრობა დღევანდელ ანტიდასავლური ტრაქტორიის გზას დაადგა, StratComs  თავადვე გახდა სწორედ ისეთი აქტივობების განხორციელებელი და  მტაცებელი, რომლისგანაც დასაცავად შეიქმნა.

სტრატკომის პროექტის დახურვას საქართველოს რეფორმების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტნიორებისგან მიღებული თანხები, რომელიც სტრატკომის პროექტის ფარგლებში მიიღეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არამიზნობრივად გაფლანგეს.

  • ”იყენებენ ჩვენი მეგობრების და დონორების თანხას მართლა არამიზნობრივად, იმიტომ, რომ ეს თანხები იყო გამოყოფილი სტრატეგიული კომუნიკაციის გაზრდაზე, სტრატეგიული კომუნიკაცია ამ შემთხვევაში გულისხმობს, რომ უცხოეთიდან, რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ყოფილიყო ნორმალური საკომუნიკაციო სტრატეგია და ამაზე ემუშავათ და ნაცვლად ამისა, ისინი ამ თანხებს იყენებდნენ იმისთვის, რომ პოლიტიკურად დაეცვათ თავი. მეტა ფეისბუქმა მთავრობის სტრატკომები მოხსნა ფეისბუქიდან სწორედ ამის გამო, რომ ისინი იყვნენ დეზინფორმაციის გავრცელებით. ეს სტრატკომები უნდა დარჩენოდა სახელმწიფოს, რომ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ებრძოლათ და მათ გამოიყენეს ძალიან ვიწროპარტიული მიზნებისთვის და პირიქით, დააზიანეს ქვეყნის რეპუტაცია,“ – ამბობს სერგი კაპანაძე.