სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მისი კვლევებით, პარტიის მხარდაჭერა არჩევნების შემდეგ თითქმის გაორმაგდა და “მყარად მესამე ადგილზე” არიან.
მისი თქმით, NDI–ს მიერ ჩატარებული კვლევა ტყუილია, რის გამოც ორგანიზაციის ხელმძღვანელთან პარასკევს შეხვედრას გამართავს და “მკაცრი საუბარი” ექნება.
“ეს არის არასწორად ჩატარებული კვლევა, ღია კითხვით. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არცერთი პარტიის რეიტინგს არ იკვლევენ ღია კითხვით, ჩამონათვალის გარეშე. ასეთი რეიტინგული კვლევა არ არსებობს. მეთოდოლოგია არასწორია და ჩემი აზრი იციან ამ ადამიანებმა. მე მექნება მათთან ძალიან მკაცრი საუბარი იმიტომ რომ ასეთი ცრუ წარმოდგენების და შთაბეჭდილებების შექმნა არ შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. მე არ ვიცი, რომელმა კრეტინმა სოციოლოგმა გააკეთა ეს კითხვა და ვინ თქვა, რომ ამით რეიტინგის კვლევა შეიძლება”,– განაცხადა ვაშაძემ ტვ პირველთან საუბრისას.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 40% არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს. კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია დგას ყველაზე ახლოს თქვენს შეხედულებებთან, გამოკითხულთა 23% ქართულ ოცნებასასახელებს, 7% ნაციონალურ მოძრაობას, 7% კი სხვა პარტიებს. ამავე კითხვაზე პასუხი არ გასცა 14%-მა, ხოლო 8%-ს პასუხი არ აქვს.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.