ამერიკული გაზეთი New York Times ამერიკული სპეცსამსახურებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს,რომ აშშ–ს დაზვერვის აზრით პროკრემლისტი იდეოლოგის,აგრესიული იმპერიული რუსული პოლიტიკის სულისჩამდგმელის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას ავტომობილის აფეთქება უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების მიერ იყო სანქცირებული.
დარია დუგინა მოსკოვთან ახლოს, მოჟაისკოეს შოსეზე ავტომობილის აფეთქებისას 20 აგვისტოს საღამოს დაიღუპა. მანამდე ის მამასთან ერთად ესწრებოდა მოსკოვთანახლოს მდებარე მამულ ზახაროვოში ფესტივალ “ტრადიციას“.
ამერიკული გამოცემის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ აშშ ამ გეგმის განხორციელებაში არანაირად არ მონაწილეობდა – არც სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებით და არც რაიმე სხვა ფორმით. როგორც სტატიის ავტორები წერენ, ვაშინგტონში ირწმუნებიან, რომ ოპერაციის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ, და რომ სცოდნოდათ, კატეგორიულად წინააღმდეგნი იქნებოდნენ.
ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ვინც გამოცემას ანონიმურობის პირობით ესაუბრა, აშშ–მ უკვე გამოთქვა კიევთან უკმაყოფილება დუგინას მკვლელობასთან დაკავშირებით.
New York Times წერს, რომ ამერიკის მთავრობა იმედგაცრუებულია იმით,რომ როგორც გაირკვა, კიევი ყოველთვის არ თვლის საჭიროდ ვაშინგტონი მის სამხედრო გეგმებში ჩაახედოს, განსაკუთრებით საიდუმლო ოპერაციებში,რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე იგეგმება.
ამერიკული გამოცემა წერს,რ ომ ომის დაწყებიდან უკრაინამ არაერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიების ჩატარება, თუმცა,დუგინას მკვლელობა, თუ ეს დადასტურდება, შეიძლება ყველაზე თავხედურ უკრაინულ ოპერაციად ჩაითვალოს.ის უჩვენებს რა ახლოს შეუძლიათ უკრაინულ სპეცსამსახურებს ცნობილ რუს პერსონებთან მისვლა.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ სპეცსამსახურებმა მათი გამოძიების შესახებ მთავრობას ჯერ კიდევ გასულ კვირას აცნობეს. დაზვერვის წარმომადგენლებს არ უთქვამთ გამოცემისთვის, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულად რომელ წარმომადგენელს შეიძლებოდა აენთო მწვანე შუქი ოპერაციისთვის და იყო თუ არა ის სანქცირებული პრეზიდენტ ზელენსსკის მიერ.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ამერიკელ ჩინოვნიკებს არ აქვთ სრული სურათი უკრაინის ხელისუფლებაში ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ძალაუფლების ცენტრების შესახებ, მათ შორის არმიის, სპეცსამსახურების და ზელენსკის ოფისის შესახებ, და ამ ფაქტით შეიძლება აიხსნას ის, რატომ შეიძლებოდა გეგმის შესახებ უკრაინის მთავრობის ზოგიერთ ნაწილს არ სცოდნოდა.
დარია დუგინას აფეთქებისთანავე უკრაინა ამ ფაქტთან მის კავშირს უარყოფდა. რუსეთი კი უკრაინულ კვალზე მაშინვე ალაპარადა.
New York Times–ის ჟურნალისტების კითხვაზე ამერიკული დაზვერვის დასკვნების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილ პოდოლიაკმა თქვა:
“ისევ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერ მკვლელობას ომის დროს,ამა თუ იმ ქვეყანაში რაიმე პრაქტიული მნიშვნელობა უნდა ქონდეს. ის გარკვეულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ისეთი ადამიანი, როგორც დუგინაა, არ შეიძლებოდა უკრაინის სტრატეგიული ან ტაქტიკური სამიზნე ყოფილიყო. ჩვენ უკრაინის ტერიტორიაზე სხვა სამიზნეები გვაქვს, ვგულისხმობ კოლაბორაციონისტებს და რუსეთის მეთაურობის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენი სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის შეიძლება ფასეულები იყვნენ, თუმცა დუგინა არავითარ შემთხვევაში.“
პუბლიაციაში ნათქვამია, რომ ზოგიერთები ამერიკის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ნამდვილი სამიზნე მამა დუგინი იყო – ულტრამემარჯვენე რუსი ნაციონალისტი, რომელიც მკვლელობის ორგანიზატორების გეგმით მანქანაში შვილთან ერთად უნდა ყოფილიყო.
გაზეთის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ როგორც წესი, სხვა ქვეყნების საიდუმლო ოპერაციების განხილვა სახელმწიფო დონეზე მიღებული არ არის, თუმცა გამოცემა წერს, რომ აშშ–ს ოფიციალური წრეების ზოგიერთი წარმომადგენლის აზრით, აუცილებელია ბოლო მოეღოს იმას, რასაც ისინი “საშიშ ავანტურიზმს“ უწოდებენ, განსაკუთრებით პოლიტიკური მოტივებით მკვლელობებს.
ამასთან, ამერიკელი ჩინოვნიკები ბოლო დღეებში მთელი ძალებით ცდილობენ ხაზი გაუსვან, რომ აშშ–ს და უკრაინის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები კვლავ მყარია. ამერიკელების შეშფოთებას აგრესიული საიდუმლო ოპერაციების შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე გავლენა არ მოუხდენია უკრაინისთვის სადაზვერვო, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის აღმოჩენაზე.
ამერიკელი მაღალჩინოსნები მუდმივად უსვამენ ხაზს, რომ ბოლომდე უკრაინის გვერდით იქნებიან ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის საქმეში და მის სამხედრო და დიპლომატიური თვალსაზრსით გაძლიერებაში.