რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბოლო კვირებში უშუალოდ ჩაერთო უკრაინაში ომის სტრატეგიულ დაგეგმვაში. ამის შესახებ New York Times ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, პუტინმა უარყო სამხედროების თხოვნა ხერსონიდან უკანდახევის შესახებ.
ხერსონიდან წასვლა რუს სამხედროებს საშუალებას მისცემდა დნეპრზე ორგანიზებულად დაეხიათ უკან, შეენარჩუნებინათ ტექნიკა და პირადი შემადგენლობა – წერს გაზეთი, თუმცა ასეთი უკანდახევა ომში დამარცხების კიდევ ერთი საჯარო და დამამცირებელი აღიარება იქნებოდა, უკრაინისთვის კი ერთი თვის მანძილზე მეორე მსხვილი გამარჯვება.
ხერსონი პირველი დიდი უკრაინული ქალაქი იყო, რომელიც რუსებმა თებერვალში დაიპყრეს და ამ დრომდე ერთადერთი რეგიონალური დედაქალაქია, რომელიც რუსების კონტროლს ექვემდებარება.
ხერსონის აღება უკრაინის პრეზიდენტისთვის დიდი გამარჯვება იქნებოდა. გამოცემა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას იმას უკავშირებს, რომ პუტინმა გადაწყვიტა გამარჯვება ნებისმიერ ფასად, რუსულ არმიაში კი არეულობაა.
New York Times–ის წყაროები, რომლებიც დაზვერვის საიდუმლო მასალების იცნობენ, აცხადებენ, რომ პუტინმა ომში მნიშვნელოვანი როლი აიღო– მათ შორის, ის ეუბნება სამხედროებს, რომ ადგილებზე სტრატეგიული გადაწყვეტილებები პირადად მან უნდა მიიღოს.
მართალია პუტინმა გაითვალისწინა სამხედრო მეთაურობის ზოგიერთი რეკომენდაცია, მათ შორის სამოქალაქო მოსახლეობის მობილიზაცია, მარამ მისმა მონაწილეობამ დიდი დაძაბულობა შექმნა– ამბობენ გამოცემის წყაროები. მათი ინფორმაციით, პუტინის უარმა, ხერსონიდან გამოეყვანათ ჯარი, რომელიც მთლიანად მოწყვეტილია მომარაგების ხაზებს, რუს სამხედრო მოსამსახურეებში მორალული სულისკვეთების დაცემა გამოიწვია. ისინი თვლიან, რომ უკრაინული არმიის შეტევის შემთხვევაში შეიძლება უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.