NGO-ები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის შეჩერებას მოითხოვენ

NGO-ები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის შეჩერებას მოითხოვენ.არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, 26 მაისს არ ჩაატარონ XXIX რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. გთავაზობთ NGO-ების განცხადებას სრულად:

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთ საკვანძო საკითხს სწორედ მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმა წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასაც გულისხმობს. სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და მისდამი საზოგადოების ნდობის არსებობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, რაც შეამცირებს ამ ინსტიტუტის შიდა და გარე გავლენების ინსტრუმენტად გამოყენებას.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს 15 წევრიდან 9 (ოთხი მოსამართლე და 5 არამოსამართლე წევრი) ახლიდან უნდა აირჩეს 2021 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ დაუწყია მუშაობა საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, რიგგარეშე კონფერენციის ჩატარება და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევა ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და სპობს შესაძლებლობას საბჭოს მოსამართლე წევრები შერჩეულნი იყვნენ სამართლიანი პროცესის შედეგად, ხოლო შერჩეულ კანდიდატებს ჰქონდეთ მაღალი საზოგადოებრივი და პროფესიული ნდობა და ლეგიტიმაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ: საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, თავი შეიკავონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევისგან, ვიდრე არ განხორციელდება საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესის გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარება; საქართველოს პარლამენტს, დაჩქარებული წესით შეიმუშავოს და მიიღოს “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილება და საკანონმდებლო აქტით დროებით შეაჩეროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმ დათქმის შესრულებამდე, რომელიც გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში არჩევის უზრუნველყოფას; დროულად შეიქმნას სამუშაო ფორმატი, სადაც შესაძლებელი გახდება როგორც მართლმსაჯულების რეფორმის უკვე განხორციელებული ტალღების შეფასება, ასევე, სამომავლო ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და უზრუნველყოფილი იქნება ამ პროცესში ყველა დაინტერესებული აქტორის სათანადო ჩართულობა“,-აღნიშნულია განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ:

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, (GDI)

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“,(PHR)

„უფლებები საქართველო“,

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)

„ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო“ (OSGF)

„სამართლიანი არჩვნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED)“

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, (TI)

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“,(ყოფილი EMC)

„ევროპის ფონდი“