NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ, უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს ოპოზიციონერ დეპუტატებს

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს 3 ოპოზიციონერ დეპუტატს. მათი განცხადებით, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტას არ გააჩნია მყარი სამართლებრივი საფუძველი, რადგან, მათი განმარტებით, მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს.

“საკითხის  პარლამენტის მიერ გადაწყვეტას კონსტიტუცია სწორედ იმიტომ ითვალისწინებს, რომ დეპუტატებმა იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწოლია უფლებამოსილების შეწყვეტა კოლეგისათვის, პირველ რიგში, ქვეყნისა და ამომრჩევლის ინტერებიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმე ჯერ-ჯერობით მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა და შესაძლოა ზედა ინსტანციის სასამართლოებმა სხვა გადაწყვეტილებები მიიღონ, მაშინ როდესაც დეპუტატს უკვე შეწყვეტილი ექნება უფლებამოსილება”,- აცხადებენ NGO-ები.

მათივე თქმით, ჯაფარიძისგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საფუძვლად განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი, რაც ითვალისწინებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო.

“აღსანიშნავია, რომ ამ საფუძვლით ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე პარლამენტმა პლენარული კენჭისყრისას უარი ერთხელ უკვე განაცხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა კენჭისყრისგან განსხვავებით, ამ დროისთვის შალვა ნათელაშვილს საჯაროდ გაცხადებული აქვს, რომ განიხილავს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. Მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით დადგენილი პროცედურები არ გაუვლია, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება, ჩაითვალოს, ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური”,- ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

TI-სა და ISFED-ის აზრით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა და საპარლამენტო კონტროლის კონკრეტული ინიციატივებითაც გამოვიდნენ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისათვის უფლებამოსილების უკანონოდ ვადაზე ადრე შეწყვეტა საგანგაშო ნიშანია, რომლის მიზანი შესაძლოა ოპოზიციის დასუსტება და შედეგად, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის არასრულფასოვნად განხორციელება იყოს.

“ჩნდება ეჭვი, რომ ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის განზრახვა ასევე უკავშირდება ფრაქციის გააქტიურებას ანტიკორუფციული მიმართულებით და  საქართველოში ელიტური კორუფციის დამდგენი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტას და საკითხი გადაწყვიტოს ქვეყნის ინტერესებიდან და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს მსჯელობა პარტიების მიერ ე.წ. ჩახსნილი სიების აღდგენის შესაძლებლობაზე, რაც პოლიტიკური კრიზისის თავიდან არიდებას დაეხმარება. არსებული რეალობაც აჩვენებს, რომ სიების ჩახსნის პრაქტიკა  პრობლემურია და პარლამენტში მანდატების გაუქმების, 150-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს რაოდენობრივი შემცირების და მისი  არაქმედუნარიანობის საფრთხეს ქმნის”,- წერია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” განცხადებაში.