არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ, პრიორიტეტულად განიხილოს სახელმწიფო ინსპექტორის კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება. NGO-ები, აღნიშნავენ, რომ სარჩელის პრიორიტეტად განხილვა აუცილებელია “პარლამენტის მიერ დაწყებული დამაზიანებელი პროცესის შესაჩერებლად, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოების დასაცავად და მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად”.
“კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს საქმეს თუ „არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ საქმის პრიორიტეტულად გადაწყვეტის საჭიროებაზე.“ ასევე, შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება თუ „ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს“. აღსანიშნავია, რომ მსგავს საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება და იგი არ დგას კონსტიტუციური სტანდარტების პირველადი განმარტების საჭიროების წინაშე. ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს საქმის გადაწყვეტის სამართლებრივ ტვირთს.
აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია ყველა მატერიალური და პროცესუალური საფუძველი, სახელმწიფო ინსპექტორის სარჩელის დროულად და ეფექტურად განსახილველად. კონსტიტუციური სარჩელის განხილვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების (პირველი მარტის) შემდგომ არსებითად დააკნინიებს კონსტიტუციური კონტროლის ეფექტურობას და გამოიწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.
მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, პრიორიტეტულად განიხილოს ლონდა თოლორიას კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება. აღნიშნული აუცილებელია, პარლამენტის მიერ დაწყებული დამაზიანებელი პროცესის შესაჩერებლად, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოების დასაცავად და მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოავლინოს სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიული განვითარების ნება და შეაჩეროს ახლადშექმნილი უწყებების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე არჩევის პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ღია საზოგადოების ფონდი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
უფლებები საქართველო
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)