NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები არ მიიღოს

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივა, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები თაობაზე.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, შემოთავაზებული ცვლილებებით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების და ცენზურის დაუშვებლობის ძირითადი პრინციპი.

“შემოთავაზებული ინიციატივა ძალაში 2020 წლის 1 სექტემბრიდან შევა და დაკავშირებულია მედიაში ინფორმაციის გავრცელებასთან. ცვლილებების თანახმად, კანონს ემატება 561-ე და 562-ე მუხლები. კანონპროექტით შემოტანილია ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ცნება, დგინდება პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რომლებიც, თავის მხრივ, ადგენს, თუ რა ჩაითვლება არასრულწლოვანისთვის შეუფერებელ პროგრამად ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

ერთი შეხედვით, ცვლილება დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორებიცაა სუიციდი, ძალადობის გაშუქება, ნარკოტიკები, აზარტულ თამაშები და სექსუალური სცენები. თუმცა, ახალ რეგულაციებში გამოყენებულია არაერთი ბუნდოვანი ტერმინი (“სოციალიზაციის ხელშეწყობა”, “შეუფერებელი პროგრამა”, “შეურაცხმყოფელი ლექსიკა” და სხვა), რომელთა განსაზღვრაც რთული, სუბიქტური და შეფასებითია. შემოთავაზებული ნორმებით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების და ცენზურის დაუშვებლობის ძირითადი უფლება. გარდა ამისა, შეზღუდვა ბუნდოვანია და იძლევა მედიის კონტროლისა და ცენზურის მნიშვნელოვან შესაძლებლობას. გამოხატვის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი მკვეთრად ჩამოყალიბებული უნდა იყოს და ამართლებდეს იმგვარ უზენაეს ღირებულებას, როგორიც ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობაა”, – წერენ ორგანიზაციები საერთო განცხადებაში.

მათივე განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებიდან, ქართულ საკანონმდებლო სივრცეში “დაბრუნდა” გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის ცნება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსიდან ჯერ კიდევ 2013 წელს ამოიღეს, როგორც დისკრიმინაციული ტერმინი.

“საკანონმდებლო ცვლილებები არ მოდის თანხვედრაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციასთან, ვინაიდან, კონვენციის მიხედვით, მე-13 მუხლი ითვალისწინებს ინფორმაციის მიღების უფლებას, ხოლო მე-17 მუხლით აღიარებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მნიშვნელოვანი როლი, ბავშვებისთვის ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით.

ცვლილებების შემუშავების პროცესში კომიტეტმა არ უზრუნველყო არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, რომელსაც გააჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროში. საზოგადოებრივი ორგანიზაციები შენიშნავენ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარის განცხადებები და ინიციატივები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითად სტანდარტებთან. მის საქმიანობას წლების განმავლობაში კრიტიკულად აფასებს არასამთავრობო სექტორი”, – აღნიშნავენ ორგანიზაციები.

შესაბამისად, ისინი მოუწოდებენ პარლამენტს: არ მიიღოს შემოთავაზებული ცვლილებები; ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებზე მორგებული ცვლილებების მომზადების პროცესში უზრუნველყოს არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობა.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);

ფემინა;

განათლებისა და შრომის ასოციაცია;

სოლიდარობის ფონდი “ფემინა”;

თანასწორობა 17;

რეალური ხალხი და რეალური ხედვა;

მედიაკლუბი;

მაია ცირამუა (ბავშვთა ფსიქოლოგი).