ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს რომლის განხილვაც დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. კანონპროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას. NGO-ები ხელისუფლებას, დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიმართ თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
“ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. წლების განმავლობაში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმის არარსებობამ, ხელი შეუწყო სამართალდამცავ სისტემაში უფლებამოსილების გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფართოდ გავრცელებას. სწორედ ამ სისტემური ხარვეზების გამოსწორების მიზნით, ჯერ კიდევ 2015 წელს, სამოქალაქო საზოგადოებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით. მექანიზმის შექმნა ასევე გათვალისწინებული იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგით.
ამ გამოწვევების ფონზე, 2018 წლის 21 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ინსპექტორს მხოლოდ გამოძიების წარმოების უფლება მიეცა და მასზე საპროცესო ზედამხედველობის უფლება საქართველოს პროკურატურამ სრულად შეინარჩუნა. თუმცა, კანონის ამოქმედება პარლამენტმა ზედიზედ ოთხჯერ გადადო და საბოლოოდ, ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 ნოემბრიდან მოქმედებს.
ამოქმედებიდან ორი წლის თავზე, სამსახურის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას დადებითად აფასებენ როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე საერთაშორისო პარტნიორები. საქმიანობის ფარგლებში, ამ დრომდე, ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა 5523 შეტყობინება მიიღო, ხოლო 8 სამართალდამცავის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სამსახური, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსაც, რის თაობაზეც უწყებაში გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის პროცესში, არასამთავრობო სექტორი მიიჩნევდა, რომ გამოძიების და ინფორმაციის დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქციების ერთ უწყებაში მოქცევა, შესაძლოა, ეფექტიანი არ ყოფილიყო. თუმცა, ინსტიტუტზე დაკვირვებამ ნათლად აჩვენა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციების თავსებადობის კუთხით პრაქტიკაში ხარვეზი არ გამოვლენილა.
ამადროულად, დღეს არსებული საჭიროება, რაც ცალსახად იკვეთება და რაზეც მიუთითებენ სამოქალაქო ორგანიზაციები თუ საერთაშორისო აქტორები, არის სამსახურის შემდგომი გაძლიერებაა. კერძოდ, უწყებისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, აგრეთვე მისი კომპეტენციის გაზრდა და გავრცელება დანაშაულთა/თანამდებობის პირთა უფრო ფართო წრეზე. სამსახურის შემდგომი ინსტიტუციურ და ფუნქციურ გაძლიერებაზე ხაზგასმულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2020 წელს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, ასევე, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებში და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშებში.
ამასთანავე, ინსპექტორი, საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენილ წლიურ ანგარიშებში პერმანენტულად მიუთითებდა იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელი იყო ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. ამ მიზნით, მან ვრცელი საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართა საქართველოს პარლამენტს, სწორედ მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ ცვლილებებამდე რამდენიმე საათით ადრე.
მსგავსი მნიშვნელობის და საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე კანონპროექტის აბსოლუტურად დახურულად მომზადება, ისე რომ მის შემუშავების პროცესში ჩართულები არ იყვნენ არც უშუალოდ სამსახურის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები, უკიდურესად პრობლემურია და წარმოადგენს საკანონმდებლო თვითნებობას. ამავდროულად, კანონპროექტის განხილვის დაჩქარებული წესით ინიცირება ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი არა საკითხის ირგვლივ სიღრმისეული პროფესიული მსჯელობაა, არამედ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე გავლენის მოპოვებაა. აღნიშნულ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კრიტიკულად ეხმაურება სამართალდამცავი სისტემის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებს. სამსახურმა შეისწავლა ლექსო ლაშქარავას პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება, ასევე მწვავედ გამოეხმაურა სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების გასაჯაროებას.
უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი უნდობლობის ფონზე, დახურულ კარს მიღმა, ფარულად და დაჩქარებული წესით დარეგისტრირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებასა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება, იმ საგამონაკლისო ინსტიტუტის მიმართ, რომელმაც ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად შეძლო საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები დამოუკიდებელი ინსტიტუტების მისამართით და შექმნას ყველა პირობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეუფერხებელი საქმიანობისთვის.”- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
„საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF)
„ადამიანის უფლებების ცენტრი“ (HRC)
„დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“ (IDSD)
„მედიის განვითარების ფონდი“ (MDF)
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI)
„საფარი“
„ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ (RIVG)
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI Georgia)
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR)
„მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC)
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED)
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC)
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)