დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს პარასკევს, 13 დეკემბერს გაათავისუფლებენ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში ვაჟა გაფრინდაშვილის პროცესი, სავარაუდოდ, 13 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
“ყველაზე გვიან, პარასკევს, ბატონი ვაჟა იქნება სახლში, შეიძლება მანამდე გათავისუფლდეს, თუ არადა ყველაზე გვიან, პარასკევს ის იქნება სახლში. მე ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ სასამართლო პროცესზე მას გაათავისუფლებენ. თუმცა, მეც და ყველა ადამიანს გვერჩია, რომ დღეს ის უკვე სახლში ყოფილიყო”, — განაცხადა ბურჯანაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
ბურჯანაძე წასვლამდე აცხადებდა, რომ რუსეთში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრებისას ერთ-ერთი განსახილველი თემა გაფრინდაშვილი იქნებოდა.
ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ციხეში 34 დღეა იმყოფება.