ნინოწმინდაში საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა

ნინოწმინდაში, საკრებულოს თავმჯდომარეს უმბატ კიურეღიანსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაშავდა. დაზარალებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ჩხუბის მიზეზი სასმელი წყალი გახდა.

მოსახლეობა საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალდებებს უყენებს და ირწმუნება, რომ სახელმწიფო მოხელემ წყლის მილს მიმართულება თვითნებურად შეუცვალა და საკუთარ ტერიტორიაზე გაიყვანა. საპირისპირო ვერსია აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც კონფლიქტის მიზეზად, ერთ-ერთ ოჯახთან პირად უთანხმოებას ასახელებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ვითარება ადგილზე იმდენად დაიძაბა, რომ მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ხვალ ქუჩის აქციები დაანონსა.