“ნუ ვაშინებთ ბავშვებს მომავლით, ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი, ნუ მოვუწოდებთ ნიჰილიზმისკენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა და საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს მოუწოდა, სახიფათო კამპანიები არ აწარმოონ.
„ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი და მითუმეტეს, როცა ამ გზავნილს იმეორებენ უფროსები, ადამიანები, ვისიც სჯერათ ბავშვებს. ვეუბნებით ბავშვებს, რომ ცხოვრება არის საშინელი და ვეუბნებით, რომ საზოგადოებაში, ამ ქვეყანაში პრაქტიკულად პოზიტივის ადგილი არ არის, მათი ადგილიც არ არის. ეს არის ცალსახად არასწორი გზავნილი და ყველანი უნდა დავფიქრდეთ, სანამ ასეთი ტიპის კამპანიას დავგეგმავთ. ამის პოპულარიზაციით, სუიციდის ფაქტების პოპულარიზაციით, სამწუხაროდ სხვა მოზარდებიც და ადამიანებიც ინტერესდებიან და იმეორებენ ქცევას, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია.
გთხოვთ, რომ გავაკეთოთ პირიქით, მეტი იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა და ბავშვებმა დადებით გარემოში იცხოვრონ, მივცეთ მათ მეტი ოპტიმიზმი, მივცეთ სწორი შეფასებები და ვუთხრათ, როგორია უკეთესი სამყარო, როგორია უკეთესი სკოლა, საზოგადება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, რომ ჩვენმა და ყველას შვილებმა, ბავშვებმა იცხოვრონ უფრო ბედნიერ და პოზიტიურ გარემოში, ყოველ დილით ხალისით წავიდნენ სკოლაში,“ – აღნიშნა თალაკვაძემ.