NYT: სუროვიკინმა იცოდა პრიგოჟინის გეგმების შესახებ, შესაძლებელია სხვა გენერლებიც მხარს უჭერდნენ აჯანყების გეგმას

სერგეი სუროვიკინმა, უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის მოადგილემ, იცოდა ვაგნერის მფლობელის ევგენი პრიგოჟინის აჯანყების გეგმების შესახებ, ირწმუნება New York Times, აშშ-ს დაზვერვის მიერ ინფორმირებული ამერიკელი ოფიციალური პირების ციტირებით.

გამოცემის ცნობით, ეს აჩენს კითხვებს, როგორი მხარდაჭერა ჰქონდა დაქირავებულთა ლიდერს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.

ოფიციალურმა პირებმა New York Times-ს განუცხადეს, რომ ისინი ცდილობენ გაარკვიონ, დაეხმარა თუ არა გენერალი სუროვიკინი, რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების ყოფილი მეთაური, პრიგოჟინს ქმედებების დაგეგმვაში შაბათ-კვირას, რასაც გამოცემა უწოდებს ყველაზე სერიოზულ საფრთხეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის მისი 23 წლიანი მმართველობის  განმავლობაში. .

გაზეთი იხსენებს, რომ სუროვიკინი არის პატივცემული სამხედრო ლიდერი, რომელიც დაეხმარა თავდაცვის გაძლიერებას ფრონტის ხაზზე გასულ წელს უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ. იანვარში იგი შეცვალეს უმაღლესი მეთაურის თანამდებობაზე, მაგრამ მან შეინარჩუნა გავლენა.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, არსებობს მინიშნებები, რომ შესაძლოა სხვა რუსი გენერლებიც მხარს უჭერდნენ პრიგოჟინის მცდელობას, ძალით შეცვალოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა.

აშშ-ის ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პრიგოჟინი არ აჯანყდებოდა, თუ არ ექნებოდა რწმენა, რომ ძალაუფლებაში მყოფი სხვები მის დასახმარებლად გამოვიდოდნენ, იტყობინება New York Times.

თუ გენერალი სუროვიკინი ნამდვილად არის ჩართული შაბათ-კვირის მოვლენებში, მაშინ ეს იქნება ბოლო წვეთი იმ კონფლიქტში, რომელიც ახასიათებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აღნიშნავს გაზეთი. მისი აზრით, ამბოხის მცდელობა შეიძლება მიუთითებდეს ფართო განხეთქილებაზე პუტინისა და პრიგოჟინის მომხრეებს შორის. პუტინმა კი, გამოცემის წყაროების მიხედვით, თავად უნდა გადაწყვიტოს, მიიჩნევს თუ არა სუროვიკინს აჯანყებაში ჩართულად და როგორ უპასუხოს ამაზე.

ზოგიერთი ყოფილი ოფიციალური პირი ამბობს, რომ პუტინმა შესაძლოა გადაწყვიტოს სუროვიკინის შენარჩუნება, თუ მას რაიმე წარმოდგენა ჰქონდა პრიგოჟინის გეგმებზე, მაგრამ არ დახმარებია მას. ამ დროისთვის, ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს ამბოხი მხოლოდ პრიგოჟინს დააბრალოს, წერს New York Times.