NYT: დასავლეთის არტილერია, რომელიც უკრაინას მიეწოდება, ხშირად ფუჭდება და მათ პოლონეთში არემონტებენ

The New York Times იუწყება, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინას მიწოდებული ჰაუბიცები ხშირად ფუჭდება მათი გამოყენების ძალიან მაღალი ინტენსივობის გამო. გამოცემის ცნობით, ეს ნატოს ქვეყნებისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა და მის გადასაჭრელად პოლონეთში  სპეციალური ობიექტები შეიქმნა სამხედრო ტექნიკის შეკეთებისა და მოვლისთვის.

პუბლიკაციის ავტორები  ამერიკულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ 350 დასავლური ჰაუბიციდან, რომელიც კიევს მიაწოდეს დაახლოებით მესამედი მუდმივად არაოპერატიულ მდგომარეობაშია.

გაზეთის ცნობით, უკრაინელი სამხედროები დღე-ღამეში 2000-დან 4000-მდე ჭურვს იყენებენ და რუსული არმია ხშირად  კიდევ უფრო მეტ საარტილერიო გასროლას ახორციელებს. ასეთი ტემპები  ჰაუბიცების სწრაფ ცვეთას იწვევს(გამოცემაში, კერძოდ, ნახსენებია შეერთებული შტატების მიერ უკრაინას მიწოდებული M777 სისტემები), ისინი კარგავენ სიზუსტეს და სროლის დიაპაზონს და უწევთ ლულების შეცვლა.

ბრძოლის ველზე ამის გაკეთება შეუძლებელია, ამიტომ ჰაუბიცები შესაკეთებლად  პოლონეთში იგზავნება . ნატოს ოფიციალური პირები უარს ამბობენ ამ პროგრამის მონაცემებზე კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ ადასტურებენ, რომ დასავლეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უკრაინული იარაღი საბრძოლო მზადყოფნაში იყოს.

M777 ჰაუბიცების ცვეთა ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას მათი დიზაინის თავისებურებებით, იტყობინება New York Times. ისინი ძირითადად დამზადებულია ტიტანისგან: ეს მასალა გაცილებით მსუბუქია ვიდრე ფოლადი, მაგრამ სიმტკიცით მას არ ჩამოუვარდება . ასეთი არტილერიის გადაადგილება და ბრძოლისთვის მომზადება გაცილებით ადვილია.

თუმცა, როდესაც აშშ-მ ეს ჰაუბიცები გამოიყენა ერაყსა და ავღანეთში 2000-იანი წლების დასაწყისში, სროლების რაოდენობა და მთლიანობაში ომის ინტენსივობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე უკრაინაში, წერს გაზეთი.

გაზეთი იხსენებს, რომ პენტაგონმა უკრაინას 142 M777 ჰაუბიცები გაუგზავნა, რაც საკმარისია რვა ბატალიონის აღჭურვისთვის. ეს არტილერია იყენებს დასავლური სტილის 155 მმ-იან ჭურვებს, რომლებსაც კიევს დასავლეთის ქვეყნები ასევე აწვდიან .