ისრაელის სამხედრო და ჯაშუშური სამსახურები მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება, მაგრამ შაბათს, ოპერატიული და სადაზვერვო საქმიანობის წარუმატებლობამ გამოიწვია ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაშ ისრაელის თავდაცვის ყველაზე სერიოზული გარღვევა, წერს The New York Times.
ისრაელის დაზვერვის ოთხი მაღალჩინოსნის თქმით, რომლებიც ანონიმურობის პირობით საუბრობდნენ, ისრაელში ჰამასის შეჭრა შესაძლებელი გახდა ისრაელის დაზვერვისა და სამხედროების მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში რიგი შეცდომების გამო. მათ შორის გაზეთის წყაროებმა დაასახელეს:
- დაზვერვის უუნარობა გაეკონტროლებინა ძირითადი საკომუნიკაციო არხები, რომლებსაც იყენებდნენ ჰამასის მებრძოლები;
- საზღვრის სათვალთვალო აღჭურვილობაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება, რომლის გამორთვაც ჰამასმა მოახერხა;
- მეთაურების კონცენტრაცია ერთ სასაზღვრო ბაზაზე, რომელიც შეჭრის დასაწყისში იქნა აღებული,რამაც ხელს უშლიდა კომუნიკაციას დანარჩენ შეიარაღებულ ძალებთან;
- ღაზას სამხედრო ლიდერების პირადი სატელეფონო საუბრების დროს გაკეთებული განცხადებების „პირდაპირი აღქმა“, რომ ისინი არ ემზადებიან ბრძოლისთვის. ჰამასის მებრძოლებმა იცოდნენ, რომ ეს არხები ისრაელის მიერ ისმინებოდა.
როდესაც ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა გასულ კვირას აცნობეს უსაფრთხოების ხელმძღვანელებს ქვეყნის თავდაცვისთვის ყველაზე მწვავე საფრთხეების შესახებ, მათ ყურადღება გაამახვილეს ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ლიბანელი ბოევიკების საფრთხეზე, ჰამასისგან მომავალი საფრთხე კი პრაქტიკულად არც უხსენებიათ– წერს New York Times.