“ოცნება” საქართველოს მოსკოვის გავლენის ქვეშ აბრუნებს-Wall Street Journal

“საქართველო უფსკრულის პირას” – ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს გავლენიანი ამერიკული გამოცემა ვოლსტრიტ ჯურნალი, რომელიც ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. რედაქტორთა საბჭო პირდაპირ მოუწოდებს ტრამპის ადმინისტრაციას, სახელმწიფო დეპარტამენტს და აშშ-ს ხელისუფლებას, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგან და გამოიყენოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რათა “ქართულმა ოცნებამ” პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით გაცემული პირობა შეასრულოს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილის სიმდიდრის წინააღმდეგ მიმართული მიზნობრივი სანქციები, ისევე, როგორც გადაადგილების შეზღუდვა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის საჯარო განცხადებებზე უფრო ეფექტური იქნება. გავლენიანი გამოცემა ასევე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება საჯარო განცხადებებში მართალია ხაზს უსვამს მოსახლეობის სურვილს, დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბების თაობაზე, თუმცა ამავე დროს ქვეყანას მოსკოვის გავლენის ქვეშ აბრუნებს.

“ათასობით ქართველი გასული თვეების განმავლობაში მზარდ ავტორიტარიზმს ქუჩებში აპროტესტებდა. აშშ-ს ყოველთვის არ შეუძლია ასეთი რეგრესის შეჩერება, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია თბილისს უფრო დემოკრატიული გზისკენ უბიძგოს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველო ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქისა და მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართებოდა. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ივანიშვილმა მის მოკავშირეებთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტები მოარყია და ძალადობრივად დაშალა საპროტესტო აქციები. ივანიშვილმა თითქმის $5 მილიარდიანი ქონება რუსეთში დააგროვა ქაოტურ 1990-იანებში, ფასიან ქაღალდებს და უძრავ ქონებას კი დასავლეთში ინახავს. მისი სიმდიდრის წინააღმდეგ მიმართული მიზნობრივი სანქციები, ისევე, როგორც გადაადგილების შეზღუდვა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის საჯარო განცხადებებზე უფრო ეფექტურად მოაკრებინებდა მათ გონებას. აშშ-ს არ შეუძლია, საქართველოში მოვლენები წარმართოს, მაგრამ შეუძლია, მმართველ პარტიას უბიძგოს, მოიქცეს ისე, როგორც მის მიერ გაცემულ დემოკრატიულ სიტყვას შეესატყვისება და მისცეს ახალი სიცოცხლე ქართულ პოლიტიკურ მოძრაობებს, რომლებსაც მოსკოვს ვაშინგტონი და ბრიუსელი ურჩევნიათ. აცნობიერებს რა ქვეყნის მოსახლეობის პროდასავლურ განწყობას, მმართველი პარტია სწორ რაღაცებს ამბობს ვაშინგტონთან კავშირებსა და საქართველოს მისწრაფებებზე, შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატო–ს, თუმცა ამავე დროს უწყვეტად აბრუნებს საქართველოს მოსკოვის გავლენის ქვეშ, რომელიც 2008 წელს შეიჭრა ქვეყანაში და გაყინულ კონფლიქტში სამხედრო და სადაზვერვო წარმომადგენლობას ინარჩუნებს”-აღნიშნულია სტატიაში.