გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო – ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის – გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანია “სერპანტინმა” 2013 წლიდან დღემდე 105 მილიონი ლარის ტენდერებში გაიმარჯვა.
ზედელაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში, 1994 წლიდან მუშაობდა, ხოლო “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ/სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ზედელაშვილი 2018 წლამდე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილედ მუშაობდა.
შპს “სერპანტინი” 2000 წლის 19 მაისს დარეგისტრირდა. 2011-2012 წლებში, შპს “სერპანტინის” ჯამურმა ბრუნვამ 6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ვითარება 2013 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეიცვალა. 2013 წელს “სერპანტინის” ბრუნვები 2012 წელთან შედარებით 700%-ით გაიზარდა.
2013-2019 წლებში მონაწილეობა მიიღო 171 ტენდერში, საიდანაც მოიგო 102. მოგებული ტენდერებიდან 43 შემთხვევაში მას კონკურენტი არ ჰყოლია. ზედელაშვილის დედის კომპანიის ყველაზე დიდი დამკვეთი საავტომობილო გზების დეპარტამენტია. “სერპანტინმა” მონაწილეობა მიიღო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 46 ტენდერში, საიდანაც 24-ში გაიმარჯვა, აქედან 6 მათგანში უკონკურენტოდ. ტენდერებიდან მიღებული თანხის ჯამურმა მოცულობამ 64 მილიონს ლარს გადააჭარბა.
სერპანტინმა” მონაწილეობა მიიღო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ 12 ტენდერში, რომელთაგან ყველა კახეთის მხარეში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდებოდა. 12 ტენდერიდან “სერპანტინმა” მოიგო 9 ტენდერი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 11,8 მილიონი ლარი შეადგინა.
კომპანია “სერპანტინმა” ჯამში 105 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მიიღო, საიდანაც 64.3 მილიონი ლარი მოდის საავტომობილო გზების დეპარტამენტზე, 29 მილიონი ლარი – კახეთის მუნიციპალიტეტებზე, ხოლო 11.9 მილიონი ლარი კი – მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერებზე.