Volkswagen–ის ხელმძღვანელმა ნაცისტური ლოზუნგის გამო ბოდიში მოიხადა

საავტომობილო კონცერნ Volkswagen–ის გენერალურმა დირექტორმა ჰერბერტ დისმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ნაცისტურის მსგავსი ლოზუნგი გამოიყენა კორპორაციის შემოსავლების გაზრდის აუცილებლობისთვის ხაზგასასმელად.
სამშაბათს კომპანიის თანამშრომლების წინაშე გამოსვლისას დისმა გამოიყენა ფრაზა “Ebit macht frei”, რისთვისაც მოგვიანებით ბოდიშის მოხდა მოუწია. საქმე იმაშია, რომ ეს სიტყვათა წყობა კიდევ ერთი გერმანული ფრაზის ასოციაციას იწვევს, რომელიც ნაცისტებს საკონცენტრაციო ბანაკებში , მათ შორის ოსვენციმის ბანაკში ჰქონდათ გამოკიდებული – “Arbeit Macht Frei” (შრომა ათავისუფლებს).
თავის განცხადებაში კონცერნის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ არასწორად შეარჩია სიტყევბი და მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ კოპანიის ფინანსური მდგომარეობა ბიზნესის განვითარების საშუალებას იძლევა. კომპანიის ფინანსურ სიჯანსაღეზე საუბრისას დისს მისი თქმით მხედველობაში ქონდა EBIT, ანუ საოპერაციო მოგების გაგების ლათინური აკრონიმი.
“არავითარ შემთხვევაში არ მინდოდა, რომ ეს ფრაზა რამე სხვა კონტექსტში ყოფილიყო აღქმუ№ლი. იმ მომენტში არც მიფიქრია, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო.“– განაცხადა მან.

სწორედ ეს ფრაზა “შრომა ათავისუფლებს“ ხვდებოდათ გამოკრული ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში მისულ პატიმრებს

ბოდიში დისმა მას შემდეგ მოიხადა, რაც Volkswagen – მა განაცხადა, რომ 7000 ადამიანს შეამცირებს იმ გეგმიდან გამომდინარე, რომ კომპანია ელექტრომობილების წარმოებაზე აპირებს ფოკუსირებას, რასაც ნაკლები ადამიანი სჭირდება. ამ კვირის დასაწყისში კომპანიამ გამოაცხადა წლიური მოგების შესახებ, რამაც 12 მილიარდი ევრო შეადგინა, მიუხედავად იმისა, რომ მას მსხვილი კომპენსაციების გადახდა მოუწია “დიზელგეითის“ სკანდალის გამო, რომელიც მავნე აირების გამონაბოლქვს უკავშირდებოდა.

ჰერბერტ დისი ამბობს, რომ კარგად ესმის კომპანიის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მესამე რეიხის დროს მისი როლიდან გამომდინარე.
კომპანია Volkswagen 1937 წელს ადოლფ ჰიტლერის ინიციატივით დაარსდა, რათა გერმანულ ოჯახებს ავტომობილების შეძენის საშუალება ჰქონოდათ.მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია არმიისთვის აწარმოებდა ავტომობილებს და ამისთვის ვოლფსბურგის სიახლოვეს მდებარე საკონცენტრაციო ბანაკების 15 ათასზე მეტი ტუსაღის შრომას იყენებდა. კომპანიის სათაო ოფისი სწორედ აქ მდებარეობს.
ფრაზა, რომელიც ნაცისტებში პოპულარული გახდა, პირველად 19–ე საუკუნეში გამოჩნდა, როგორც გერმანელი მწერლის, ნაციონალისტ ლორენც დიფენბახის რომანის სათაური. 20–ე საუკუნეში ის გარდაიქმნა ლოზუნგად, რომელიც ვეიმარის რესპუბლიკაში უმუშევრობის წინააღმდეგ გამოიყენებოდა. მოგვიანებით, 1933 წელს კი ეს წარწერა გიმლერის მიერ დაჰაუში შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკში გამოჩნდა. თავდაპირველად იქ ხელისუფლებისთვის მიუღებელ პირებს გზავნიდნენ. სლოგანი “შრომა ათავისუფლებს“ მოგვიანებით ნაცისტური პროპაგანდის ნაწილი გახდა, რომელიც ცდილობდა საკონცენტრაციო ბანაკების შექმნის ნამდვილი მიზეზი მიეჩქმალა.