აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ არ ჰქონია მოლოდინი, რომ ოპონენტები თავს დაანებებდნენ მავნებლურ პოლიტიკას და რევანშის წყურვილი გაუნელდებოდათ.
ის პოლიტიკურ ოპონენტებს ურჩევს, დარჩნენ სახლში და ამ გამოწვევის დასძლევად ხელისუფლება ეფექტურად იმუშავებს. მისი თქმით, მთავრობა ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა.
„სამწუხაროდ, არ მქონია იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ოპონენტები თავს დაანებებდნენ მავნებლურ პოლიტიკას და ის რევანშის წყურვილი გაუნელდებოდათ. ჩვენს ოპონენტებს ვურჩევ, დარჩნენ შინ და ხელისუფლება ეფექტურად იმუშავებს, რომ ეს გამოწვევა იქნას დაძლეული. ხარჯების შემცირება განხორციელდა ჯერ კიდევ 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას. ასევე, ჩვენ რამდენიმე დღის წინ განვაცხადეთ, რომ აჭარის მთავრობის აპარატის და სამინისტროების ხარჯები განახევრდება და მილიონ ლარზე მეტი დაზოგილი თანხა მოხმარდება ამ გამოწვევების შერბილებას. ხელისუფლება ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.