ხელისუფლებასთან უშედეგოდ დასრულებული კონსულტაციების შემდეგ ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას იწყებს. ისინი კვლავ ლეიბორისტების ოფისში იკრიბებიან.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით საპროტესტო აქციები გაგრძელდება და არ დასრულდება, ვიდრე ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს.
დღევანდელ საკონსულტაციო შეხვედრაზე ოპოზიცია იმაზეც უნდა შეთანხმდეს, როდის გადაუგზავნიან „გერმანული მოდელის“ შესახებ მათ ინიციატივას ვენეციის კომისიას. ხელისუფლებამ გუშინ საბოლოოდ უარი თქვა გერმანულ მოდელზე და შეთავაზებაზე, ის საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გაეცნოთ და მათი რეკომენდაციებით ემოქმედათ, თუმცა ოპოზიცია აპირებს ეს ცალმხრივად გააკეთოს.
ოპოზიცია დღესვე დაასახალებს შემდგომი მაშტაბური საპროტესტო აქციის თარიღს.
“განისაზღვრება კონკრეტული აქციების დღეები, მათ შორის დიდი აქციის დღეები, როდის უნდა მოხდეს პიკეტირება, როგორ ვაიძულოთ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით აასრულოს საკუთარი დანაპირები. რაც არ უნდა გაჯიქდნენ და გაჯიუტდნენ, მათ ამოწურეს ხელისუფლებაში ყოფნის გონივრული ვადა,” – აცხადებს ლეიბორისტი გიორგი გუგავა.