ოპოზიცია ქმნის დღის წესრიგს, თითქოს ამ ქვეყანაში ყველაფერი ერთი ღერძის, საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
კილაძე ამტკიცებს, რომ მათ სირცხვილის კორიდორის არ შეშინებიათ და დილით ადრე დაუგეგმავად, ბავშვთა უფლებების კოდექსის იმპლემენტაციაზე ითათბირეს.
“ვისაუბრეთ ბავშვთა უფლებების კოდექსის იმპლემენტაციაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია და ჩვენ 2020-ის 1-ლი ივნისისთვის უნდა მოვასწროთ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც უზრუნველყოფს გამართული სისტემის მუშაობას.
კიდევ უამრავი თემა, რაზეც ჩემმა კოლეგებმაც ისაუბრეს, უბრალოდ მე ადრე მომიწია გამოსვლა, შეხვედრა მაქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის დღის წესრიგს, თითქოს ამ ქვეყანაში ყველაფერი ერთი ღერძის, საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს. მე გამოვედი ცოტა ადრე, არ ყოფილა საუბარი არჩევნებზე, გითხარით, რომ საუბარი იყო უმნიშვნელოვანეს თემებზე”, -განაცხადა კილაძემ.
უმრავლესობის სხდომის პარალელურად პარლამენტის შენობის შესასვლელებთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.