ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილი სირცხვილის კორიდორის მოწყობა სავარაუდოდ გადაიდება.
როგორც ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, ამის მიზეზი ბაღდათში დატრიალებული ტრაგედია გახდა, სადაც ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.
“რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დაგვატყდა თავს.ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახში ხანძარი გაჩნდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია. პირველ რიგში მსურს მწუხარება გამოვთქვა ამ ამბის გამო. ეს ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის საზარელი ფაქტია.
მინდა მწუხარება გამოვთქვა და ოჯახის ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო.როგორც მოგეხსენებათ, ხვალ დილის 10 საათზე ჩვენ საპროტესტო აქციას ვგეგმავდით, თუმცა ამ ამბავმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ 4 თებერვალს ჩანიშნული საპროტესტო ღონისძიება გაგვეუქმებინა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს.მართლაც, რომ საზარელი ამბის მომსწრენი გავხდით”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სირცხვილის კორიდორის მოწყობაზე უარი მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმაც განაცხადეს.
„მოძრაობა გაბედე გამოთქვამს უდიდეს მწუხარებას ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო და იზიარებს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების ტკივილს!
ამ მძიმე წუთებში, არ ვთვლით მიზანშეწონილად პარლამენტის წინ დაგეგმილ ხმაურიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობას,“ – აღნიშნულია “გაბედეს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, 4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. პირველი პლენარული სხდომა მიმდინარე კანონპროექტების განხილვას დაეთმობა.