მთავრობის გადაყენება, ვადამდელი პროპორციული არჩევნები, ახალი ცესკო, პოლიტპარიმრების გათავისუფლება-ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები ცნობილია.”ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა გრიგოლ ვაშაძემ მედიას ის მოთხოვნები გააცნო, რომელზეც მთელი ოპოზიცია შეჯერდა.
“მინდა გაგიზიაროთ ის მოთხოვნები, რომელიც ამ საკონსულტაციო ფორმატს გუშინდელიდან აქვს ჩამოყალიბებული – პირველი ეს არის ვადამდელი პროპორციული არჩევნები. აუცილებლად იკითხავთ, შეიძლება თუ არა ამ ხელისუფლების პირობებში პატიოსანი არჩევნების ჩატარება? – რა თქმა უნდა, არა. შესაბამისად მოთხოვნებია – ამ მთავრობის გადაყენება, ნდობის მთავრობის შექმნა, ცესკოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. შემდეგი მოთხოვნაა პოლიტპატიომრების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება”- აცხადებს ვაშაძე.
ოპოზიცია ასევე შეთანხმდა, რომ არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით უნდა ჩატარდეს.
“გერმანული მოდელი არის პროპორციულ-მაჟორიტარული მოდელის ნაირსახეობა, რომელიც მისაღებია ანუ კონკრეტული გზა არსებობს. მთავრობა უნდა გადადგეს, ცესკო უნდა შეიცვალოს და ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს სწორედ გერმანული მოდელით. მექანიზმი ნაპოვნია და ყველაფერი უნდა მივიყვანოთ გამარჯვებამდე. ძალიან დიდი დისკომფორტი ექნება “ქართულ ოცნებას”, ეს არის აღელვებული დიპლომატიური კორპუსი, ეს არის აღელვებული ქართველი ხალხი და უზარმაზარი პრობლემები, რომელსაც ჩვენ მათ შევუქმნით. ამ გამარჯვებას მათ არ დავუთმობთ”,- განაცხადა ვაშაძემ.