საერთაშორისო კიბერდანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელმაც 41,000-ზე მეტი კომპიუტერიდან 100 მილიონზე მეტი დოლარის მოპარვა სცადა, გამოვლენილია. დაჯგუფების წევრების უმეტესობა დაკავებულია, თუმცა 5 რუსი დამნაშავე კვლავ ძებნაშია. მათ შორისაა ვირუსის შემქმნელი ვლადიმერ გორინი.
კიბერდამნაშავეების ლიდერი ალექსანდრ კანავალოვი და მისი თანამზრახველი მარატ კაზანჯიანი საქართველოში იხდიან სასჯელს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ამერიკისა და ევროპის ქვეყნების პოლიციასთან ერთად იყო ჩართული საერთაშორისო გამოძიებაში. საქართველოს გარდა დამნაშავეები დააკავეს ამერიკაში, მოლდოვასა და უკრაინაში.
დაჯგუფების წევრები ე.წ GozNym ვირუსს იყენებდნენ. მსხვერპლი ვირუსს იმეილზე მისული ლინკით ააქტიურებდა ისე, რომ ვერც ხვდებოდა, თუ ვირუსთან ჰქონდა საქმე. ჰაკერები ლინკის გააქტიურების შემდეგ მსხვერპლის საბანკო სისტემაში აღწევდნენ და თანხას იპარავდნენ. GozNym ორი ვირუსის (Nymaim და Gozi) ჰიბრიდია, რაც მას იმდენად ძლიერსა და მოუხელთებელს ხდის, რომ ერთ-ერთმა ექსპერტმა „ორთავიანი მონსტრი“ უწოდა.
იურიდიულმა ფირმამ ვაშინგტონში 76,000 დოლარი დაკარგა, ხოლო გერმანულმა სამედიცინო აღჭურვილობების კომპანიამ, აღმოაჩინა, რომ 100,000 დოლარი გაქრა მათი ანგარიშიდან. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ თანხისა, რომელიც სხვადასხვა კომპანიებმა კიბერშეტევის შედეგად 2016 წელს დაკარგეს. დაჯგუფების მსხვერპლი გახდა სხვადასხვა მცირე ბიზნესი, იურიდიული კომპანია, საერთაშორისო კორპორაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია.
დაჯგუფების წევრები მუშაობდნენ უკრაინიდან, მოლდოვადან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ისინი ქირაობდნენ ჰაკერებსა და ფულის გამთეთრებლებს იმისთვის, რომ ოპერაცია სწრაფად და შეუმჩნევლად ჩაეტარებინათ.
„როგორც ვიცით კიბერდანაშაული საერთაშორისო პრობლემაა, რომელსაც საერთაშორისო გადაჭრა სჭირდება. ეს ნამდვილადაა დანაშაული საზღვრების გარეშე. ის გავლენას ახდენს ადამიანებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ერთ მცირე ღილაკზე დაჭერით შეუძლია გამოიწვიოს მილიონობით დოლარის დაკარგვა როგორც ბიზნესებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის. ჩვენ ასევე ვიცით, რომ კრიმინალები და მათი სერვერები, შეიძლება ყველგან იყვნენ, ასე რომ, კიბერდანაშაული ყველაზე უფრო მასშტაბურია სხვა დანაშაულებებთან შედარებით“, თქვა სკოტ ბრეიდიმ, აშშ-ის პროკურორმა
გამოძიება, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა უპრეცენდენტო იყო თავისი მასშტაბებითა და გამოძიების შედეგების გათვალისწინებით.
წყარო: ამერიკის ხმა