ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ [PACE] საქართველოს შესახებ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მხარი 89 დაუჭირა, 3 წინააღმდეგი იყო.
რეზოლუციაში გამოთქმულია როგორც შეშფოთება, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, გაცემულია რეკომენდაციები.
რეზოლუციის მიხედვით, “ქართული ოცნების” “დემოკრატიული უკუსვლა” – “ხელს ვერ შეუწყობს ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას, თუკი ისინი ასამბლეის სესიას სამომავლოდ დაესწრებიან. გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა “დელეგაციის არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა”.
“რაც შეეხება [PACE-ს] მოწოდებას ხელისუფლებისადმი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები სასწრაფოდ აღმოიფხვრას და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული პარლამენტის არჩევნების გამოცხადებას – ასეთი ნაბიჯები არ გადადგმულა”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ასამბლეა შეშფოთებულია პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და სამოქალაქო ლიდერების დაკავებებითა და სამართლებრივ პროცესების მათ წინააღმდეგ გამოყენებით.
“ამ კონტექსტში, შეშფოთებულია საქართველოს სოლიდარობის ფონდების წინააღმდეგ წამოწყებული კრიმინალური გამოძიებებისა და მათი აქტივების გაყინვის შესახებ, რაც ფარავდა იურიდიული დახმარების, ჯარიმებისა და შემოსავლების დანაკარგის ხარჯებს დაკავებული ან დემონსტრაციებთან დაკავშირებით დათხოვილი პირებისთვის”, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
ასამბლეა განსაკუთრებით შეშფოთებულია მმართველი პარტიის განცხადებით აკრძალოს “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა”. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა იქნება ევროპის საბჭოს დებულებებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევა.
რეზოლუცია მოუწოდებს “ქართული ოცნების” პასუხისმგებელ პირებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები იმისთვის, რომ ქვეყანაში კრიზისი იქნეს დაძლეული.