პანიკის გარეშე:რა უნდა ვიცოდეთ, რომ კორონავიურსის ზომაზე მეტად არ გვეშინოდეს

მთელ პლანეტაზე კორონავირუსის გავრცელების შესახებ ახალი ამბები წამყვან ადგილს იკავებს საინფორმაციო საშუალებებში. სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები კარანტინს აწესებენ და საგანგებო ზომებს იღებენ. მოსახლეობა სხვადასხვა პროდუქტებს იმარაგებს–ზოგჯერ რაციონალური გათვლით, ზოგჯერ კი პანიკის საფუძველზე.

რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ, რომ მისი იმაზე მეტად არ გვეშინოდეს, ვიდრე საჭიროა და პანიკაში არ ჩავვარდეთ:

რა თქმა უნდა, ახალი ინფექციის შესახებ ინფორმაცია გულგრილს ვერავის ტოვებს, რადგან ის ყველა ჩვენგანის ცხოვრების წესზე ახდენს გავლენას. ქვეყნების ხელისუფლებები სრულიად მართებულად იღებენ პრევენციულ, ზოგჯერ უმკაცრეს ზომებს.

თუმცა პანიკის საფუძველი ნაკლებად არსებობს. ჯობს ამ გამოწვევას პირადი ჰიგიენის დაცვით უპასუხოთ.

ღირს თუ არა აპოკალიპტურ ფიქრებს მიეცეთ და წარმოიდგინოთ, რომ ყველა დავიხოცებით? რა თქმა უნდა, არა.

მედიკოსები ამბობენ, რომ Covid-19–ის შემთხვევაში სიკვდილიანობა უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი ვირუსული გრიპის შემთხვევაში, თუმცა ყურადღება მიაქციეთ აბსოლუტურ ციფრებს და სხვა დეტალებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემები (ამ დროისთვის დაახლოებით 114 000 მსოფლიოს მაშტაბით ) გვიჩვენებს იმას, რაზეც ახალ ამბებში ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას – დაავადებულთა ნახევარზე მეტი, ანუ 64 000 ადამიანზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა 80%–ში კი ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

დღეის მდგომარეობით 114 000 დაინფიცირებულიდან გარდაცვლილია 4000–ზე ოდნავ მეტი. აქედან 3000 –ზე მეტი ჩინეთში. ამგვარად, სიკვდილიანობა დაახლოებით 3.5 პროცენტს შეადგენს.
იმის შესახებ, რომ გარდაცვლილთა უმეტესობა ასაკოვანი ადამიანები არიან სხვა თანმდევი დაავადებებით, ახალგაზრდებში კი კორონავირუსით სიკვდილის შანსი ნულს უტიოლდება, უკვე ბევრჯერ დაიწერა.


გარდა ამისა, სიკვდილიანობის მაჩვენებლის შეფასებისას კიდევ ერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი. მედიკოსები ამბობენ, რომ ზოგიერთ ინფიცირებულს დაავადება იმდენად მსუბუქი ფორმით აქვს, რომ ვერც კი ამჩნევს და მას მსუბუქ გაციებად თვლის. როდის იქნება შესაძლებელი უცნობია, მაგრამ თუ მოხერხდა დაავადების ყველა შემთხვევის გამოვლენა და მათი სტატისტიკაში შეყვანა, სიკვდილიანობის პროცენტულმა მაჩვენებელმა შესაძლოა მკვეთრად იკლოს.

ინგლისის მთავარი სანიტარული ექიმი, პროფესორი კრის უიტი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობა რეალურად 1%–ს არ აღემატება.

როგორ მოვიქცეთ?

მედიკოსების მიერ ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციით ახალი ვირუსი შეიძლება ჰაერ წვეთოვანი გზით, ახლო კონტაქტისას გადაგედოთ – თუ ადამიანი თქვენგან ორი მეტრზე ახლო დისტანციაზე დგას და თქვენი მიმართულებით აცემინებს. გარდა ამისა, კორონავირუსი შეიძლება გადაგედოთ მყარი ზედაპირიდან – კარის, ესკალატორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახელურები. ასეთ ზედაპირზე ის ორ დღეს, ან ცოტა მეტს ცოცხლობს.

ამიტომაც მედიკოსები გვირჩევენ ხელის მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხშირად ვიბანოთ, გამოვიყენოთ ანტისეპტიკური საშუალებები და სახეზე ხელი არ მოვიკიდოთ. ეს უკანასკნელი თითქმის შეუძლებელია: ადამიანთა უმრავლესობა სახეს უნებურად, გაუცნობიერებლად ეხება, ამიტომაც ჯობს ისევ ხელის დაბანაზე გააკეთოთ მთელი აქცენტი.

ჩინეთში და აღმოსავლეთ ევროპაში ჯერ კიდევ იანვარში გახდა ძალიან პოპულარული მითი იმის შესახებ, რომ ახალ ვირუსს ალკოჰოლი შველის. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ალკოჰოლი მხოლოდ იმუნურ სისტემას თრგუნავს.

როგორ მივხვდეთ რომ დავავადდით?

მოკლედ რომ გითხრათ, ამის გაგების ერთადერთი რეალური გზა ლაბორატორიული ტესტია.

უმეტესობას დაავადება მშრალი ხველით და ტემპერატურით ეწყება. სურდოს ნიშნები მხოლოდ 5 პროცენტს აღენიშნება.
ასეა თუ ისე, ექიმები და სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებები ყველას ურჩევენ, ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ექიმთან კი არ წავიდნენ, არამედ პირველ რიგში დაურეკონ, რათა დაავადება სხვასაც არ გადასდონ.

როდის შექმნიან ვაქცინას?



მეცნიერები ყველაფერს აკეთებენ ამისათვის, თუმცა ახალი მედიკამენტების შექმნის და ტესტირების პროცედურა ისეთია, რომ უკეთეს შემთხვევაში ვაქცინას ერთი წლის შემდეგ უნდა ველოდეთ. იმ დროისთვის ვირუსის აფეთქება ექსპერტების აზრით უკვე ჩამცხრალიც იქნება.

თუმცა ვაქცინა პროფილაქტიკის საშუალებაა. და სანამ ის არ გვაქვს, ექიმები პრაქტიკაზე დაყრდნობით არკვევენ, როგორ მოქმედებს დაავადებულებზე უკვე არსებული ანტივირუსული პრეპარატები. უახლოესი კვირების განმავლობაში, როცა მონაცემთა საკმაო რაოდენობა დაგროვდება, მედიკოსებს იმედი აქვთ რომ მიხვდებიან, როგორ ჯობს მათი მკურნალობა, ვისაც Covid-19–ის ვირუსი შედარებით მძიმე ფორმებში გამოუვლინდა.