ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატი, ლევან სამუშია პროკურატურას პარლამენტის თავმჯდომარის გამოკითხვას სთხოვს. სამუშია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუსვას ირაკლი კობახიძეს კითხვები, ვინ მისცა მას ე.წ კაბელების საქმის მასალები, რომელზეც კობახიძემ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. სამუშიას თქმით, თუ პარლამენტის თავმჯდომარე საქმის მასალებს მართლაც გაეცნო, ეს კანონდარღვევაა, ვინაიდან მასალებს გრიფით საიდუმლო ადევს.
ლევან სამუშიამ პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, უწყების განცხადება თითქოს, ირაკლი კობახიძეს ინფორმაცია მხოლოდ პროკურატურის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების შესწავლის გამო ჰქონდა, სასაცილოა, გასაჯაროებული მასალა საქმის მხოლოდ 0,01%-ია. სამუშია თვლის, რომ საქმის მასალები კობახიძეს თავად პროკურატურამ გააცნო.
ირაკლი კობახიძემ გადაცემა “რეაქციაში” თქვა, რომ ის პირადად, როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი, კაბელების საქმით დაინტერესდა, ჩაიხედა საქმეში და მკაფიო დანაშაულიც გამოკვეთა. პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას გუშინ განცხადებით გამოეხმაურა პროკურატურა. უწყებაში განმარტეს, რომ “კაბელების საქმის” მასალებს გრიფით საიდუმლო მოეხსნა და 2014 წლის 25 ნოემბრის შემდეგ სისხლის სამართლის საქმის მასალების 90%-ზე მეტი არასაიდუმლო იყო. პროკურატურის თქმით, მასალები გამოქვეყნდა კიდეც და იძლეოდა შესაძლებლობას დაინტერესებულ პირს სრულყოფილი ინფორმაცია მიეღო.














