83 ხმით 1-ის წინააღმდეგ-პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 53.1 მლრდ ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 14 554.2 მლნ ლარით, ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები) კი 14 432.9 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა. გადასახდელების მაჩვენებელი პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 221.0 მლნ ლარითაა გაზრდილი.
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბიუჯეტის დეფიციტი 2020 წელს ნაერთი ბიუჯეტისათვის მშპ-თან მიმართებაში 2.4%-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, პროგნოზებში გათვალისწინებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი და შეადგენს 3 %-ს.