იურიდიული კომიტეტის დღევანდელი სხდომა, რომელზეც დეპუტატები გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ, სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის.
პოლიტიკოსები კი პარლამენტის პიკეტირებას და სირცხვილის დერეფნის მოწყობას ხვალიდან აპირებენ. ამასთან ერთად, ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად მას შესაძლოა სხდომას ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი დაესწროს.
„ყველამ იცოდა, რომ ბიძინა ივანიშვილის სისტემის პირობებში, ყველა ვარიანტში გენერალური პროკურორი მისი პერსონალური მორჩილი იქნებოდა, მაგრამ ეს დიდი პრობლემაა და მისი დამარცხების შემდეგ ეს სისტემა მთლიანად უნდა შეიცვალოს. ჩვენ ვაპირებთ კვლავ პიკეტირებას, იქნება მშვიდობიანი კორიდორი და მათ მოუწევთ, ისევ იმავე მეთოდებით შეაპარონ პარლამენტში დეპუტატებიც და საზოგადოების შეურაცხყოფის სიმბოლო – ირაკლი შოთაძე“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული.
„2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა და კომიტეტის სხდომაზე მოსმენა“, – წერია კომიტეტის დღის წესრიგში.
ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.