პარლამენტთან დაკავებულები სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ


გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. ბექა კოკაია, ზუკა ბერძენიშვილი, ლაშა ბურდული, ზურაბ მჟავანაძე და გიორგი მუმლაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ, მათი პროცესი 6 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.

ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის  განცხადებით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ მტკიცებულებად წარმოდგენილია ერთნაირი ტექსტით შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები, რაც  ეჭვებს აჩენს.

” მე ოთხ პირს ვიცავ და ოთხივეს ოქმში ტექსტები იდენტურია, რომ ეს პირები იგინებოდნენ უმისამართოდ და პოლიციელების მოთხოვნას, შეეწყვიტათ გინება, არ დაემორჩილნენ და გარდა ამისა, დაკავების დროს გაუწიეს წინააღმდეგობა. ტექსტების ასეთი მსგავსება გვაფიქრებინებს, რომ სინამდვილეში არსებობს ერთი ტექსტი, რომლიდანაც შემდგომ მოხდა გადაწერა და ამიტომაც აქვთ იდენტური ბრალდებები. სამწუხაროა, რომ პოლიციამ და შსს-მ აქამდე ვერ გააცნობიერა, რომ როდესაც საჯარო ადგილებში იმართება შეკრება-მანისფესტაცია, პროტესტის გამოხატვა მათ შორის, შესაძლებელია უხამსი სიტყვებით. ეს არ არის ხულიგნობა”, – განაცხადა მშვენიერაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ღამით “თბილსერვისის” თანამშრომლებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილს ეკუთვნოდა,  აიღეს და მათ ნაცვლად საბავშვო ატრაქციონები დადგეს, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის ნაწილმა ეს ფაქტი გააპროტესტეს, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც, რა დროსაც აქტივისტები დააკავეს.

პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 10 პირი დააკავა, მათ შორის: ბექა ბასილაია, ზურაბ ნადირაძე, ზურაბ მჟავანაძე, ლაშა ბურდული, ზურაბ ბერძენიშვილი,ბექა კოკაია, გიორგი შოთაძე,რომეო ფარულავა, ნოდარ რუხაძე, გიორგი მუმლაძე. 

გიორგი მუმლაძეს  დაკავებისას ფეხი დაუზიანდა, მისი თქმით, პოლციელებმა დაკავებისას მას მანქანის კარში ფეხი მოაყოლეს.