“პატრიარქის შეურაცხყოფა ეს არის ერის შეურაცხყოფა. არის ჩვენი კულტურის, ჩვენი ტრადიციების შეურაცხყოფა. არის შეურაცხყოფა იმ ისტორიის, რომელზედაც დგას საქართველო და საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომაც მე მოვედი დღეს იმ თანადგომით, რომელიც არის პრეზიდენტის სრული მოვალეობა და ჩემი პირადი, პერსონალური გამოხატულება ამ თანადგომის.“ –ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა სამების ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელსაც პრეზიდენტი ბოლომდე დაესწრო.
ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ შეურაცხყო და გულისხმობს თუ არა ის მეუფე პეტრეს, პრეზიდენტმა უპასუხა:
“არ იცით ? თუ არ იცით ძალიან სამწუხაროა, თქვენ ჟურნალისტები ხართ. ვისაც გინდათ იმას ვგულისხმობ. მე ვთქვი რაც მქონდა სათქმელი.“
ეს იყო სალომე ზურაბიშვილის პირველი განცხადება სინოდის სკანდალური სხდომის შემდეგ, რომელზეც მეუფე პეტრესთვის მღვთელმსახურების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, მან კი სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ პატრიარქი “მამათმავლობაში“ დაადანაშაულა.