სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სახალხო დამცველის დასახელებული არცერთი ნორმა რელევანტური არ არის და ის არ დარღვეულა.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მედიისგან საიდუმლოების დაცვის გარანტი სპეციალური პენიტენციური სამსახური ვერ იქნება, ასევე, სამსახურს აკისრია ვალდებულება, მედიის კითხვის შემთხვევაში, იმყოფებოდა თუ არა ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებაში, გასცენ პასუხი.
,,2020 წლის 23 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის თაობაზე სახალხო დამცველისა და მისი აპარატის თანამშრომლების მიერ გუშინ და დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არც ერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც იქნა დასახელებული, რელევანტური არ არის, მით უფრო ვერ იქნება საუბარი მათ დარღვევაზე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ თუ სახალხო დამცველი იმის გამო მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუფრთხილებლად (რისი სრული უფლებაც მას აქვს), რომ საკუთრივ დაწესებულებაში ვიზიტის ფაქტის მედიისგან და ფართო საზოგადოებისაგან გასაიდუმლოება სურდა, მოცემული საიდუმლოების მედიისგან დაცვის გარანტი სპეციალური პენიტენციური სამსახური არამცთუ პრაქტიკაში ვერ იქნება, მას ამგვარი ვალდებულება არც კანონით არ აკისრია. პირიქით, მედიასაშუალებების მხრიდან შემოსულ კითხვას იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია, პასუხი გასცეს,”- წერია განცხადებაში.
მათივე თქმით, შეხვედრის ფაქტი მით უფრო ვერ იქნება კონფიდენციალური, თუ საქმე ეხება საზოგადოებისათვის ცნობილ მსჯავრდებულებს.
,,შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული, მით უფრო, როცა საქმე ეხება საზოგადოებისათვის ცნობილ მსჯავრდებულებს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. აქვე შევნიშნავთ, რომ N9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სახალხო დამცველმა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე ეთერში თავად განაცხადა: „რაც შეეხება ვის შევხდი (…) ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული კონფიდენციალური საკითხი“- ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ცნობისთვის, 23 იანვარს სპეციალურმა პენიტენციურმა დაწესებულებამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ე.წ მატროსოვის ციხეში ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს და კახაბერ ნაკანს შეხვდნენ.
ლომჯარიას თქმით, პატიმრებთან მისი შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება დანაშაული და სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევაა.