პერუს ყოფილი პრეზიდენტი სუიციდის მცდელობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ალან გარსიას დაკავება პოლიციამ მის სახლში სცადა. ის ბრაზილიური სამშენებლო კომპანიისგან ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი. თავად გარსია ბრალდებებს უარყოფდა.
პოლიცია ოთხშაბათს გარსიას დასაკავებლად მის სახლში მივიდა. გარსიამ სთხოვა პოლიციას მისთვის დრო მიეცათა, რათა ადვოკატისთვის დაერეკა და სახლის ერთ–ერთ ოთახში ჩაიკეტა. მოგვიანებით პოლიციამ გარსია თავში ჭრილობით აღმოაჩინა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა.
თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ გარსიას გული სამჯერ გაუჩერდა, თუმცა ყოველ ჯერზე ექიმების ბრიგადამ მისი რეანიმირება მოახერხა და მისი სიცოცხლისთვის იბრძოლა, თუმცა უშედეგოდ.
“დათრგუნული ვარ ყოფილი პრეზიდენტის, ალან გასიას გარდაცვალებით . ჩემი თანაგრძნობა მის ოჯახს და ახლობლებს“ –დაწერა ტვიტერში პერუს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, მარტინ ვისკარამ.
რაში ედებოდა ბრალი გარსიას. კორუფციული სკანდალი ლათინურ ამერიკაში
გამოძიების ინფორმაციით ალან გარსია იმ პერიოდში, როცა მეორე ვადით იკავებდა პრეზიდენტის პოსტს (2006–2011 წლებში) ქრთამს იღებდა ბრაზილიური სამშენებლო კომპანია Odebrecht–ისგან, რომელიც პერუს დედაქალაქ ლიმაში მეტროპიტენის მშენებლობის პროექტში მონაწილეობდა.
კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე აღიარეს, რომ 2004 წლიდან მოყოლებული ისინი სხვადასხვა რანგის პერუელ ჩინოვნიკებს ქრთამს უხდიდნენ. თანხამ ჯამში 30 მილიონი დოლარი შეადგინა.
ბრაზილიური სამშენებლო გიგანტი 2014 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელ არაერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობდა. განხორციელებული აქვს კიდევ ბევრი მსგავსი პროექტი.
ანტიკორუფციული გამოძიების ცენტრში აღმოჩენის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ კომპანია რეგულარულად აძლევდა ქრთამებს ადგილობრივ ჩინოვნიკებს ლათინური ამერიკის ქვეყნების ნახევარზე მეტში, ასევე ანგოლასა და მოზამბიკში.
გამომძიებლების აზრით კომპანია ჩინოვნიკების და პოლიტიკოსების მოსყიდვას ახორციელებდა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტების ხელში ჩასაგდებად.
სკანდალის შედეგად სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყნების გამოჩენილი პოლიტიკოსები.
პერუს ოთხი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო წლებში ქვეყანას მართავდნენ კორუფციის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. მეხუთე – ალბერტო ფუხიმორი კი უკვე იხდის ციხეში სასჯელს კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით.
ერთ–ერთი ყოფილი პრეზიდენტი, პედრო პაბლო კუჩინსკი რამდენიმე დღის წინ დააკავეს Odebrecht – ის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. გუშინ კი მაღალი წნევის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Odebrecht–ის საქმეში ქრთამის აღების ბრალდებას ვერც ოპოზიცია გადაურჩა. მისი ლიდერი, კეიკო ფუხიმორიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 1.2 მილიონი დოლარის ქრთამის აღების ბრალდებით.
ალან გარსიამ კი, რომელიც ამავე საქმეში იყო ბრალდებული, თავშესაფრის მიღება სცადა ლიმაში ურუგვაის საელჩოში, თუმცა უარი მიიღო. საბოლოოდ კი თავი მოიკლა.