ჯგუფ Pink Floyd–ის დამფუძნებელმა, როჯერ უოტერსმა გააუქმა პოლონეთში დაგეგმილი კონცერტი იმის გამო, რომ მისმა პოზიციამ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ ასოშეითედ პრესი პოლონურ მედიაზე დაყრდნობით წერს.
კრაკოვში ტაურონ არენას ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სადაც უოტერსს აპრილში ორი კონცერტი უნდა გაემართა, თქვა, რომ კონცერტები არ შედგება.
უოტერსის საკონცერტო ტურის საიტზე კრაკოვის კონცერტები მითითებული აღარ არის.
მომავალი კვირისთვის იგეგმებოდა კრაკოვის საქალაქო საბჭოს კენჭისყრა წინადადებაზე ოუტერსის პერსონა ნონ გრატად წოდების შესახებ, რაც უკრაინაზე რუსეთის აგრესიის შესახებ მუსიკოსის პოზიციით აღშფოთების გამოხატულება უნდა ყოფილიყო.
მუსიკოსმა უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომელშიც ომთან დაკავშირებით კიევი გააკრიტიკა. სექტემბრის დასაწყისში უოტერსმა დაწერა ღია წერილი პრეზიდენტ ზელენსკის ცოლის მიმართ, რომელშიც დაგმო იარაღის მიწოდება “კიევის მთავრობის არმიისთვის“, რაც მისი მტკიცებით ომს აჭიანურებს. მან ასევე მხარი დაუჭირა დონეცკის და ლუგანსკის ნაწილობრივი ავტონომიის იდეას და ვლადიმირ ზელენსკი დაადანაშაულა, თითქოს ის არჩევნების შემდეგ “რადიკალი ნაციონალისტების“ ჭკუაზე დადის.
ელენა ზელენსკამ უოტერსს ტვიტერში უპასუხა და შეახსენა, რომ რუსეთი დაესხა თავს უკრაინას, უკრაინელები კი საკუთარ ქვეყანას და შვილების მომავალს იცავენ. “თუ ჩვენ უარს ვიტყვით ბრძოლაზე, ხვალ ჩვენ აღარ ვიქნებით. თუ რუსეთი იტყვის უარს ომზე, ომი დასრულდება“– დაწერა მან.