პოლიციამ ბოლნისში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა

პოლიციამ ბოლნისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი  გახსნა. დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ნ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში, თანასოფლელს – 1949 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ამავე სოფელში დააკავეს. ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.