Politico – აშშ-ის სენატი საქართველოს მთავრობის ლიდერების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს

გამოცემა Politico–ს ინფორმაციით აშშ-ის სენატი საქართველოს მთავრობის ლიდერების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს.

გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტების  თანახმად, სასანქციო კანონპროექტს სენატორები ჯინ შაჰინი (დემოკრატი) და ჯიმ რიში (რესპუბლიკელი) წარადგენენ და ის მიმართული იქნება საქართველოს უმაღლესი დონის პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის ევროკავშირისკენ გზისთვის ძირის გამოთხრაში.

პროექტს სახელწოდებით “ქართველი ხალხის კანონი” (Georgian People’s Act) 23 მაისს წარადგენენ.

Politico წერს, რომ სენატის კანონპროექტი ითვალისწინებს სამოგზაურო აკრძალვებს და სხვა სანქციებს ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან “ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლისთვის” და “კორუფციისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და უცხოური აგენტების კანონის წინ წაწევისთვის ან მისი მიღებისთვის ხელშეწყობაში.”

კანონპროექტი ასევე მოითხოვს აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის პერმანენტულ შეჩერებას, რომლის საშუალებითაც ქვეყნები ერთად მუშაობდნენ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებზე.

Politico-ს თანახმად, “ქართული ოცნების” ოფიციალური პირების სამიზნეში ამოღების გარდა, ორპარტიული კანონპროექტი, ასევე, მოითხოვს მინიმუმ 50 მილიონი აშშ დოლარი გამოყოფას “საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდაჭერაზე,” და ქვეყანაში “მავნე უცხოურ გავლენებზე” კვლევების დაწყებაზე.