გამოცემა POLITICO წერს, რომ ევროკომისია უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს. ამის შესახებ გამოცემასთან ოფიციალური პირები საუბრობენ, რომლებიც იცნობენ დისკუსიას კომისიის წევრებს შორის. მათი ვინაობა არ სახელდება.
გარდა ამისა, POLITICO წერს, რომ კომისრები ძირითადად მხარს უჭერდნენ მოლდოვას, სადაც მყარად პროევროპული ხელისუფლებაა, მაგრამ ნაკლებად იყვნენ დარწმუნებულები საქართველოს გამო, რომელიც “დაზარალდა პოლიტიკური მღელვარებისა და შესამჩნევი დემოკრატიული უკუსვლის გამო”.
ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ კომისრები აცნობიერებენ იმ მსხვერპლს, რომელიც უკრაინელებმა გაიღეს და ხვდებიან პრეზიდენტ პუტინისთვის ძლიერი გზავნილის გაგზავნის აუცილებლობას, რომ მან დაკარგა ყოველგვარი შანსი, უკრაინა თავისი სავარაუდო გავლენის სფეროში დააბრუნოს.
“კომისიას არ ავიწყდება, რომ უკრაინა – ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ადამიანი დაიღუპნენ, სადაც ადამიანებს ესროდნენ, რადგან ქუჩაში ევროკავშირის დროშებით ხელში იყვნენ. ახლა მათ ვერ ვეტყვით, უკაცრავად, მეგობრებო, თქვენ არასწორ დროშებს აფრიალებდით”, – თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ევროსაბჭოში 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს, რომლებიც საკითხს მომავალი კვირის სამიტზე განიხილავენ. ოფიციალური პირები და დიპლომატები ამბობენ, რომ სულ მცირე სამი ქვეყანა კვლავ წინააღმდეგია სტატუსის მინიჭების.
სტატუსის მინიჭების მხარდამჭერები ამბობენ, რომ ნებისმიერი შეფერხება ღრმა დემორალიზების მიზეზი იქნება უკრაინელებისთვის, როცა რუსული ძალები ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიების ოკუპაციას და დონბასის აღმოსავლეთის დაპყრობას განაგრძობენ– წერს პოლიტიკო.