ვაშინგტონში ჩნდება სულ უფრო მეტი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ აშშ–მ უკრაინას იმაზე მეტი იარაღი მიაწოდა, ვიდრე საჯაროდ არის გაცხადებული ადმინისტრაციის მიერ – წერს გამოცემა Politico.
“პარასკევს პენტაგონის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ გარკვეული დროის განმავლობაში საიდუმლოდ აწვდიდა უკრაინელებს მაღალსიჩქარულ ანტირადიოსალოკაციო რაკეტებს, რომლებიც სარადარო სისტემებზე დამიზნებისთვის გამოიყენება“– წერს გამოცემა.
Politico ყვება დოკუმენტის შესახებ, რომელიც ადმინისტრაციამ კონგრესში გაგზავნა. დოკუმენტში არის იმის ჩამონათვალი, თუ რა შევიდა კიევის დახმარების ბოლო, 775 მილიონ დოლარიან პაკეტში, ამასთან, მინიშნებულია, რომ მიწოდება წარმოდგენილი სიით არ შემოიფარგლება.
Politico ციტირებს ორ ინფორმირებულ წყაროს, რომლებიც აცხადებენ, რომ აშშ–მ მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალები Excalibur 19 აგვისტოს პაკეტში ჩართო, თუმცა ადმინისტრაციას ამის შესახებ საჯაროდ არ განუცხადებია.
გამოცემა ასევე ციტირებს ყოფილ ამერიკელ სპეცრაზმელებს, მაიკლ ვაისას და ჯეიმს რაშტონს, რომლებიც აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ, ყირიმში უკრაინული ძალების მიერ რუსულ სამიზნეებზე მიტანილი შეტევები შორეული მოქმედების რადიუსის რაკეტებით არის განხორციელებული, თუმცა უკრაინელებს ასეთი სიშორის რაკეტები არ აქვთ, რომ ყირიმში საკის ავიაბაზა დაებომბათ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რაკეტები არ იძებნება იმ სიაში, რაც საჯაროდ არის გაცხადებული.
Politico ვარაუდობს– თუმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ ეს მხოლოდ სპეკულაციაა– რომ აშშ–მ შეიძლება უკრაინას საიდუმლოდ გადასცა ტაქტიკური სარაკეტო სისტემა (ATACMS).
“თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება იმის საწინააღმდეგო, რასაც ადმინისტრაცია ღიად აცხადებს“– წერს Politico
ივლისში მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ ამ რაკეტების გაგზავნა უკრაინისთვის რუსეთის უფრო მეტ პროვოცირებას გამოიწვევს და შეიძლება მესამე მსოფლიო ომის მიზეზი გახდეს.